„ევროპული საქართველოს“ წევრმა, რომელიც შვილის გატაცების შესახებ იუწყებოდა, კანდიდატობაზე უარი თქვა
27/08/2021 15:23:30 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს" წევრმა ლაშა დამენიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თელავში 26 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. საქმე ეხება პარტიის თელავის ორგანიზაციის წევრ ნინო გალახვარიძეს, რომელიც გატაცების შესახებ იუწყებოდა და მომხტარს საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა.
დამენიას ცნობით, გალახვარიძემ შვილთან დაკავშირებული შემთხვევის შემდეგ, თელავის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით კენჭისყრაზე უარი თქვა .
„პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, რაც განაცხადეს დაზარალებულებმა, ეს იყო იმის ზუსტი მაჩვენებელი, როგორი კრიმინალური მდგომარეობაა დღეს საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ დღისით, მზისით შეიძლება ადამიანის გატაცება და ეს კიდევ ერთხელ აჩევენებს რა ვითარებაა. პოლიცია და კრიმინალური სამყარო ერთმანეთთან შეზრდილია", - აღნიშნა დამენიამ და დასძინა, რომ „პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მათ უარყვეს გატაცების ფაქტი და გარკვეულწილად გაუგებრობა უწოდეს".
პარტიაში აღნიშნული ვერსიის არ სჯერათ და ამბობენ, რომ კრიმინალური გარჩევებიდან გამომდინარე, მათ სიმართლე ვერ ილაპარაკეს:
„იყო, როგორც მინიმუმ კრიმინალური გარჩევა, რომელსაც, სამწუხაროდ, მთელი საქართველო აქვს მოცული და ამ ვითარებას „ქართული ოცნება“ იყენებს".
ნინო გალახვარიძე 26 აგვისტოს ირწმუნებოდა, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა სოფელ ნასამხრალიდან მისი 19 წლის შვილი ზაქრო კუსრაშვილი ავტომობილით გაიტაცეს. როგორც ის ამბობდა, გატაცებამდე შვილმა მასთან დარეკვა მოასწრო და ამის შესახებ უთხრა, რის შემდეგაც კავშირი გაწყდა. მოგვიანებით, გალახვარიძემ პოზიცია შეიცვალა. ის და მისი 19 წლის შვილი თელავის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს.
„დედას ტელეფონზე სხვა რამ ვუთხრი და მან სხვა რამ გაიგო", - თქვა პოლიციიდან გამოსულმა ზაქრო ქუსრაშვილმა.
ნინო გალახვარიძემ კი აღნიშნა, რომ მოხდა გაუგებრობა, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. სწორედ, ამ შემდეგ, მან უარი თქვა არჩევნებში კენჭისყრაზე.
26 აგვისტოს, შვილის გატაცების შესახებ ნინო გალახვარიძის განცხადებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


