Accentnews.ge
რა აუფასურებს ლარს: „ბევრ ინვესტორს პრობლემები შეექმნა: მათ წარმომავლობის მიხედვით არჩევენ“

რა აუფასურებს ლარს: „ბევრ ინვესტორს პრობლემები შეექმნა: მათ წარმომავლობის მიხედვით არჩევენ“

31/07/2019 13:54:40 თვალსაზრისი, კომენტარი, ეკონომიკა

ქვეყანაში 2019 წლის პირველ კვარტალში შემოსული პირდაპირი ინვესტიციები არა მხოლოდ განსულ წელს, არამედ გასულ 5 წელიწადს ჩამოუვარდება. პირველ კვარტალში 281 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.  

მართალია, მმართველი გუნდი და ეროვნული ბანკი აღნიშნულს ლარის დრამატული გაუფასურების ფაქტორად არ ასახელებენ, თუმცა სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებენ ბიზნესმენები, ეკონომიკის ექსპერტები და ოპოზიცია.


„ტყუილია, როდესაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ამბობენ, რომ ქვეყანაში ტურისტები არ შემოდიან. ერთადერთი მიზეზი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების არარსებობაა. თუ ინვესტიციის სახით 2–3 მილიარდს არ მივიღებთ, ამ პრობლემის წინაშე მუდმივად ვიქნებით. მთავრობა უცხოელი ინვესტორები ქვეყნიდან გააგდო. უკვე აღარავის სურს შემოსვლა. ბევრ ინვესტორს ქვეყანაში პრობლემები შეექმნა. მთავრობა ინვესტორებს წარმომავლობის მიხედვით არჩევს. მათ სურთ ინვესტორები მონაკოდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან. არ სურთ ინვესტორები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან. ლარის დევალვაციას უცხოურ ფაქტორებს აბრალებენ. რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობასა და ტურისტების არარსებობაზე აპელირება სრული სისულელეა: თუ ქვეყანაში აცივდება, ხოლო მე გათბობას გამოვრთავ და ვივლი მხოლოდ საცვლებით, ავიკიდებ პლევმონიას. ეს სიცივეს კი არა, ჩემივე სისულელეს უნდა დავაბრალო“,– აცხადებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფადი ასლი.

შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია TBC–ს დამფუძნებლების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს გავლნას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე – კიდევ უფრო შეამცირებს ახალ ინვესტიციებს. საკითხზე დღეს კომენტარი საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პროფესიონალი ბიზნესმენების ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოზე ცუდ შთაბბეჭდილებას ტოვებს.


ფრანგი დიპლომარტი ხელისუფლებას ურჩევს, საინვესტიციო გარემოს გაუფრხილდეს და არ დატოვოს შთაბეჭდილება, რომ სამართლებრივ საკითხებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.  

"ამგვარი მოვლენები საქართველოს შესახებ ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აღიარებული არიან პროფესიონალ ბიზნესმენებად. ისინი ლონდონში დირექტორთა საბჭომ აირჩია TBC–ჯგუფის თავმჯდომარეებად. რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ხდება სასამართლოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს იმიჯი როგორც დემოკრატიამ და ქვეყანამ, სადაც სამართლებრივი დავის წარმოება ხდება პოლიტიკური მოტივაციის გარეშე. იმედი მაქვს, ეს ღირებულებები დაცული იქნება",– განაცხადა დიპლომატმა.

მისივე თქმით, "ხალხი უყურებს საქართველოს და თუ გიყურებენ, მაშინ მიმზიდველი უნდა იყო ყველა კუთხით, ინვესტიციები კი ქვეყნის მიმზიდველობის მთავარი ელემენტია".   

შეგანხსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა დრამატულ გაუფასურებას განაგრძობს. 1 აგვისტოს 1ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127. ეროვნული ბანკი და მთავრობა აღნიშნულს ტურისტების ნაკლებობას უკავშირებენ და პასუხისმგებლობას 20–21 ივნისის მოვლენებისა და რუსული სანქციების გამო ოპოზიციას აკირებენ, თუმცა TBC Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ რუსული სანქციების შემდეგ ტურისტების შემოდინება მნიშვნელოვნად არაა შემცირებული. კერძოდ, სანქციების ამოქმედების შემდეგ, ანუ ივლისის მეორე კვირიდან, მეოთხე კვირის ჩათვლით (სანქციების მოქმედება 2019 წლის 8 ივლისს დაიწყო), საქართველოში საჰაერო გზით, რუსეთის 9,665 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 76.4%-ით ნაკლებია. 

რაც შეეხება სახმელეთო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობას, ის აღნიშნულ პერიოდში 135,938-ს შეადგენდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია. 

მთლიანობაში, პერიოდის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 145,748-მა მოქალაქემ გადაკვეთა, რაც 2018 წელთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია. 

TBC Research-ის შეფასებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, 2019 წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის კლების ნაცვლად ზრდით დასრულდება. 

"ჩვენი პირველადი შეფასება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ტურიზმის 5%-იანი ზრდა იქნება ქვეყანაში, რეალისტურად გამოიყურება", - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, ლარის გაუფასურების პარალელურად საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9%-ით განისაზღვრა. აღნიშნული ზრდის ერთ–ერთ ფაქტორად უწყებამ ტურისტული ნაკადის ზრდა დაასახელა.

ამდენად, სანამ ვარკვევთ კონკრეტულად რა ან ვინ აუფასურებს ლარს, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, თუ ოპოზიცია, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი 3 ლარია და ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ამ ტემპით აღნიშნულ მაჩვენებელს ეროვნული ვალუტა უკან მოიტოვებს, პროდუქტზე კი ფასები მოიმატებს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ პროცესებში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, რაც ლარის გაუფასურება ფასებზეც აისახება.  

ამავე თემაზე: ლარის პერსპექტივა: „არ გამოვრიცხავთ, სამიანი ნიშნული გადავლახოთ“

ლარის გაუფასურების პარალელურად 5% –იანი ეკონომიკური ზრდა – საქსტატი ფაქტორებს განმარტავს

             

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S