"დომინოს ეფექტი": არის თუ არა ექსტრემისტული საფრთხის ზრდის რისკი საქართველოში?

30-08-2021 16:02:31 ანალიზი

მას შემდეგ, რაც ავღანეთში მმართველი რგოლი „თალიბანის“ დაჯგუფებამ დაიკავა, რომელიც ჯერ კიდე არის რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული, თუმცა „დიდი ქვეყნების“ მიერ განიხილება მათთან ოფიციალური თანამშრომლობის შესაძლებლობა, ექსპერტთა ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციები გააქტიურებას და ახალგაზრდებში ე.წ. ვერბოვკის ფაქტების მატებას პროგნოზირებენ. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ხუთი პირის დაკავების ფაქტს. თავად ფაქტი საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ უკანასკნელ წლებში ოფიციალური მონაცემებით, მსგავსი გადინების ფაქტები არ ფიქსირდებოდა.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქეები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. გამოძიების მტკიცებით, მათ ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეო რგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან კავშირზე მყოფ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას. მოგვიანებით სუს–მა ვიდეო–აუდიო ჩანაწერები გაავრცელა, რომელშიც ასევე საუბარია საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებაზე, თუმცა როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, გამოძიება ადგენს, ტერაქტის განხორციელება საქართველოში იგეგმებოდა თუ მის ფარგლებს გარეთ.

„სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში გააქტიურდა ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციები, კერძოდ საუბარია „ისლამურ სახელმწიფოს“, ასევე „ალ-ქაიდას“ მომხრე ე.წ. სალაფიტურ ჯამაათებზე“, რამაც ასევე „დომინოს ეფექტით“ გამოიწვია ახალგაზრდებში, ე.წ. „ვერბოვკის“ ფაქტების მატება.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებით სასიამოვნოა სუს-ის ეფექტური რეაგირება, რომლის ფარგლებშიც დროულად აღიკვეთა ტერორისტული საფრთხეები, თუმცა განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ტერორისტული იდეოლოგიის სამიზნეები გახდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელი სასჯელს და შედეგად, შეიძლება ითქვას, კარგავენ საკუთარ მომავალ ცხოვრებას“,– ამბობს ჩიხელიძე.

კონფლიქტოლოგი ალეკო კვახაძე მსგავს პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს და არ ფიქრობს, რომ ამ მიზეზით უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით იცვლება ქვეყანაში.

მისი განმარტებით, არა მიდგომებით, მაგრამ მრწამსის თვალსაზრისით „თალიბანი“ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდასგან“ განსხვავებული ორგანიზაციაა, „ისლამურ სახელმწიფო“ თალიბებს ურწმუნობებად აფასებს და ებრძვის კიდეც მას. ამის ერთ–ერთ მაგალითად კვახაძეს „აქცენტთან“ 27 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი მოჰყავს, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და რომელსაც მათ შორის, თალიბებიც ემსხვერპლნენ.

რაც შეეხება „თალიბანთან“ სხვადასხვა სახელმწიფოების თანამშრომლობას და ექსპერტთა ნაწილის მიერ გამოთქმულ შიშებს, ამ გზით ტერორიზმის წახალისების თაობაზე, ექსპერტი ამბობს, რომ „ეს არ არის ტერორისტული ორგანიზაციის ლეგალიზაციის პირველი შემთხვევა: გავიხსენოთ პალესტინის გათავისუფლების ფრონტი, რომელიც დღეს ლეგიტიმური მთავრობაა. გავიხსენოთ ნელსონ მანდელა... სამ ტერორისტს აქვს ნობელის პრემია მიღებული“.

უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ტერორიზმის ბრალდების დაკავების თაობაზე კი კვახაძე განმარტავს, რომ „იდლიბის ტერიტორიაზე, რომელსაც მართალია, სირიის ოპოზიცია და სხვა კონკურენტი დაჯგუფებები აკონტროლებენ, მაინც მოხდა ადგილობრივ დონეზე გარიგებით „ისლამირი სახელმწიფოს“ მებრძოლთა ნაწილის შეფარება:

„ამ ტერიტორიებზე გადასვლას ცდილობდნენ ის ახალგაზრდებიც. საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეთა მცირე რაოდენობა დიდი ხანია, არსებობდა, უბრალოდ, ისინი მომხრეობიდან კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდნენ, შესაბამისად, მოხდა მათი დაპატიმრება. როგორც ჩანს, მეტი თავისუფლად მოქმედების არეალი ნახეს და გადაწყვიტეს, წასულიყვნენ“,– ამბობს კვახაძე და დასძენს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არა თუ დასრულდა, არამედ სხვადასხვა ტერიტორიებზე გადანაწილდნენ. სადაც უფრო დასუსტებულია სახელმწიფო, იქ მეტად მოიკიდეს ფეხი, მაგალითად მოზამბიკში, სადაც მსხვილ ტერიტორიას აკონტროლებენ“.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე კი ფიქრობს, რომ ავღანეთში მიმდინარე დრამატული პროცესები პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, “დაწყებული სამხედრო მისიით და მონაწილეობით ევაკუაციაში გაგრძელებული იმ საფრთხეებით, რომელიც შეიძლება, მივიღოთ გაზრდილი ნარკოტრაფიკით და ლტოლვილებთან ერთად შემოსული რადიკალი ისლამისტების სახით“:

„ყოველივე ამისთვის ქვეყანა და მისი სპეცსამსახურები უნდა იყვნენ მზად. განსაკუთრებით კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც დასავლეთია ყოვლისშემძლე და თავად თუ არ მივხედავთ ჩვენს პრობლემებს, სხვა ვერავინ დაგვეხმარება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები