Accentnews.ge
თვითმხილველი: "ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და ახალგაზრდებს სოფლამდე სდიეს"

თვითმხილველი: "ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და ახალგაზრდებს სოფლამდე სდიეს"

30/08/2021 12:52:54 კონფლიქტები, სამართალი

ოკუპანტებმა სოფელ ზემო სობისში საქართველოს მოქალაქეების გატაცება სცადეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სამი ახალგაზრდა სობისის მინდვრებში სანადიროდ გავიდა, რა დროსაც მათი მიმართულებით წინაგარის სამხედრო ბაზიდან ოკუპანტების მანქანა დაიძრა. ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მონადირეებს დაედევნენ. მონადირეებმა (ზაზა გახელაძისგან განსხვავებით, რომელიც სხვილოს ციხესთან სანადიოდ მყოფი ოკუპანტებმა უკანონოდ დაატყვევეს), მოახერხეს, ხელიდან დასხლტომოდნენ ოკუპანტებს.

„მე და ჩემი ორი მეგობარი ვნადირობდით, ვიყავით საოკუპაციო ხაზიდან მოშორებით, როდესაც ოკუპანტები დავინახეთ. მათ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს. ექვსნი იყვნენ. ჰყავდათ ორი გერმანული ნაგაზი. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. ჩვენ გავიქეცით, ისინი მანქანით დაგვედევნენ. როდესაც სოფელს მივუახლოვდით, უკან გაბრუნდნენ“,– ყვება თვითმხილველი.

სოფელში აცხადებენ, რომ შიშმა ინციდენტის შემდეგ იმატა და გამოსავალს პატრულირების ინტენსივობის გაზრდაში ხედავენ.

„აქ მნიშვნელოვანი გახლავთ ის გარემოება, რომ ოკუპანტები თავისუფლად გრძნობენ თავს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე არაოკუპირებულ ნაწილში“, - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლი დავით ქაცარავა.

სუს-ის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ უწყებისთვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ინფორმაციის „ფეისბუქზე“ გაზიარების შემდეგ კონკრეტულმა პირმა პოლიციას ინფორმაცია მოგვიანებით მიაწოდა:

„აღნიშნული ინციდენტი, რომლის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა კონკრეტულმა პიროვნებამ, ჩვენთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ამ პიროვნებამ მოგვიანებით ამის შესახებ პოლიციას აცნობა.

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ იმავე დღეს არ მოხდა პოლიციის ინფორმირება, რადგან საქართველოს ხელისუფლება უფრო ადრე გაატარებდა ღონისძიებას, რომლის გატარება დღეს მიმდინარეობს“ - აცხადებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S