უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?

31-08-2021 18:13:36 ანალიზი

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა შეხსენება ევროკავშირისგან ფინანსური პაკეტის მეორე ტრანშის მიღების შესაძლო შეჩერების თაობაზე, რაც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შემდეგ პირველი სანქცია იქნებოდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რიტორიკა შეცვალეს. საქმე იმაშია, რომ როგორც არაერთგზის განიმარტა, ტრანში უპირობო არაა და პირობებს შორის მოწინავე ადგილზე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მოთხოვნა სახელდებოდა (აღნიშნული პუნქტი შარლ მიშელის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა), რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია, თუმცა ამ მოთხოვნისადმი საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირები მიმღებლობას არ ამჟღავნებენ, ჯიუტად აცხადებენ რა, რომ პოლიტიკური შეთანხმება ზედმიწევნით სრულდება. დღეს კი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მაღალი ალბათობით, „ევროკავშირისგან თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება" და აღნიშნა ისიც, რომ საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. არადა ტრანშის პოლიტიკურ პირობებთან უშუალო კავშირზე თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც ისაუბრა ამასწინათ.

ინფორმაციისთვის: მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ქვეყნებისთვის კონკრეტული პოლიტიკური პირობების შესრულების გათვალისწინებით. 2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა.

„ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს და 75 მილიონი ევროს მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო უბრალოდ გრანტი, რომლის თაობაზეც ალბათ მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს კომენტარს. წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. [...]ამ საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებისგან“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

იგივე გაიმეორა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ:

„საკითხი დგას მარტივად: დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ერთი მილიარდი ლარი დამატებით გამოიმუშავა.

ანუ ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომმელიც შეგვიძლია ბევრ კარგ პროგრამას და საქმეს მოვახმაროთ. საგარეო ვალი კი ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, „ვწუხვარ, რომ ამ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა, პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა“.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე კი მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ახსენებს, რომ ევროკავშირის დახმარება პოლიტიკური საკითხია და არა წმინდად ეკონომიკური:

„ეს არ არის ეკონომიკური თემა. ევროკავშირის დახმარება ყოველთვის პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის მქონეა. ამიტომ, ადვილად თქმას, რომ „ჩვენ სესხს ვამცირებთ და დახმარება არ გვჭირდება“, ამას ხელისუფლებს მხრიდან აქვს პოლიტიკური მოტივი: საარჩევნო კონტექსტი და წნეხის შემცირების მომენტი, რომელსაც შეიცავს დახმარება“.

ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ პოზიციონირება მწვავედ გააკრიტიკა და მათ შორის, ტრანშის პოლიტიკურ მხარეზეც გაკეთდა აქცენტი. კერძოდ, ენმ–ის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე თვლის, რომ “ევროპული სანქცია ამოქმედდა — საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით არ გადმოირიცხება”:

ეს რომ პირდაპირ სანქციად არ ყოფილიყო გამოცხადებული, მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე. ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო.

როცა უარს ამბობ უპროცენტო და მრავალი წლის შემდეგ დასაბრუნებელ სესხზე, მაშინ რატომ უნდა აიღო, ან ვინ მოგცემს უკვე პროცენტიან ფულს? არადა, ევროკავშირის 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება, მომავალო ხუთი წლის განმავლობაში, სულ ახლახან იყო დაპირებული ევროკომისიის მიერ და ღარიბაშვილიც სიამაყოთ აცხადებდა ამაზე.

დაიკარგა 300 მილიონი ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტში და დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა დონორების ქცევაზეც”.

სწორედ პოლიტიკურ განზომილებაზე ამახვილებს ყურადღებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურამ იმნაძე, ფიქრობს რა, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია ძალიან ემსგავსება უკრაინის სცენარს, რომელმაც ქვეყანა მაედნამდე მიიყვანა:

„ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს ყველაფერი გააკეთოს ბევრად უფრო შეფარვით, რბილად, რათა არ გამოიწვიოს საზოგადოების პროტესტი. ცხადია, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადის პოლიტიკურ კრიზისზე, რასაც ფართო გავლენა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე“.

„ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე“ კი ზოგადად ქვეყნის დამატებითი ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვის წინააღმდეგია, თუმცა ფიქრობს იმასაც, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა, ორმაგ თამაშთან გვქონდეს საქმე.

ეს იყო სესხი, რომელიც კონკრეტული ამოცანებისთვის უნდა გამოიყენონ. იყო პოლიტიკური შეთანხმებაც – სასამართლო რეფორმა და ა.შ. მე მგონი, მარტივად დგას საქმე: თუ ეს პოლიტიკური შეთანხმების შესრულებას ხელს არ შეუშლის, ძალიან კარგია, რომ სესხს არ აიღებენ. დამატებითი სესხის აღება კანონდარღვევაა, რადგან გადავაჭარბეთ 60%–იან ზღვარს, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების აქტითაა განსაზღვრული. ამდენად, სესხების აღებაზე უარი კარგია, მაგრამ მეორე საკითხია, შეასრულებენ თუ არა პოლიტიკურ ვალდებულებებს. თუ არ შეასრულებენ, აქ სხვა პრობლემები წარმოიშობა. შესაძლოა, ორმაგ თამაშთან გვქონდეს საქმე: იყო ნათქვამი [ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ – რედ.], „არ მოგცემთ სესხს, რადგან ვალდებულებები არ გაქვთ შესრულებულიო“, ამათ [საქართველოს ხელისუფლებამ]იციან, რომ არ შეასრულებენ ამ ვალდებულებებს და გაითამაშეს, რომ არ აიღებენ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ზოგადად სესხის აღებაზე უარის თქმა გონივრულია: ევროპულმა სესხებმა, დახმარებებმა, თავზე „ხელის გადასმამ“ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველოში მუდმივად კორუმპირებული, კლეპტოკრატიული მთავრობები გვყავს. ეს ხომ უნდა დასრულდეს?! რატომ ავიღოთ სესხი, რომელიც უნდა მივცეთ ივანიშვილს და კიდევ ვიღაცას, რომლებმაც კიდევ უნდა მოიპარონ და გააფუჭონ საქმე, მომავალმა თაობებმა კი იხადონ?! პირიქით, უნდა დავსვათ საკითხი: აღარ აიღოთ სესხი, ჩაატარეთ რეფორმები და ფული ხალხმა გამოიმუშაოს და რაც ამას ეწინააღმდეგება, ის უნდა გავაკრიტიკოთ. თუ ევროპულ გზაზე გვინდა სიარული, წინ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით უნდა წავიდეთ და არა ხელგაწვდილები“,– ამბობს „აქცენტთან“ შეშელიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები