„არა ტერიტორიების ხარჯზე“ – აბაშიძის პასუხი ლავროვს

01-09-2021 18:27:30 ინტერვიუ

მოსკოვმა თბილისს მორიგი ანტიდასავლური სატყუარა გადმოუგდო. ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი "მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად", თუმცა რა პირობით,ან რაში გამოიხატება ეს მზაობა, მას არ დაუკონკრეტებია.

„აქცენტმა“ სცადა, გაერკვია, ფლობს თუ არა ამ მიმართულებით რაიმე ინფორმაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

- ბ-ნო ზურაბ, მაინც რაში გამოიხატება რუსეთის მზაობა, საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს?

- კარგი კითხვაა. მოვისმინეთ ეს კომენტარი. დიახ, ლავროვმა აღნიშნა, რომ „რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა“, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად მოსკოვი ჩვენი ურთიერთობების ჩიხური მდგომარეობიდან გამოსაყვანად. რუსული მხარისთვის კარგადაა ცნობილი ჩვენი პოზიცია: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება (რისი სურვილიც ჩვენც გვაქვს) გადის დეოკუპაციაზე და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემაზე. ამგვარად, თუ რუსეთს მართლაც სურს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესება და ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანა, მოსკოვის მიერ სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.

– თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა ლავროვის ამ მოკლე განცხადებაში დასავლეთის ხსენება?

– ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა ბატონი ლავროვი. ბოლო ხანს მსგავსი კომენტარები მოვისმინეთ, რომ რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ჩვენც ასეთივე პასუხებს ვიძლევით.

– ხომ არ გიცდიათ, პასუხი კითხვაზე, მაინც რისთვის არის მზად რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, აბაშიძე–კარასინის ფორმატში მიგეღოთ?

– ჩვენს ფორმატში უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ...

მაგრამ პერიოდულად პოლიტიკურ თემებსაც ეხებით...

– დიახ, თავისუფალი საუბარია, თავისუფალი ფორმატია. ასე, რომ დაახლოებით იმ კონტექსტში, რაც მოგახსენეთ, ყოფილა საუბრები. მოგვისმენია მათგან ადრეც ასეთი კომენტარები, რომ „რუსეთს აქვს სურვილი ურთიერთობის გაუმჯობესების“, მაგრამ ჩვენი პასუხი ასეთია: ეს ტერიტორიების ხარჯზე ვერ მოხდება.

და ამის პასუხად რას იღებთ?

– ბევრი პასუხი და კომენტარია. ჩვენთვის მთავარია ოკუპირებული ტერიტორიები და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა. ჩვენი აზრით, ურთიერთობის ნორმალიზება გადის სწორედ დეოკუპაციაზე და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემაზე. თუ მათ მსგავსი სურვილი აქვთ, პირველი რეალური ნაბიჯები სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას.

კიდევ ერთი დეტალი ლავროვის განცხადებიდან, რომელიც, ჩემი აზრით, მანიპულაციას წარმოადგენს: თითქოს კრემლს თავის დროზე "ჰქონდა განზრახვა, ეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად დააწესა" და დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შესაბამისი გადაწყვეტილებაც ჰქონდა მიღებული, თუმცა მას გავრილოვის ღამის სახელით ცნობილმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. არადა, საქართველომ სავიზო რეჟიმის მოხსნა 2011 წლიდან დაიწყო და შესაბამისად, რუსეთს 10 წელი ჰქონდა ანალოგიური გადაწყვეტილების მისაღებად...

- ნამდვილად, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა 2011 წლიდან - ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჯერ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, შემდეგ ეტაპობრივად მოიხსნა სავიზო რეჟიმი. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და თუ მათ სურვილი რალურად ჰქონდათ, საკმარისზე მეტი დრო გააჩნდათ ამ სურვილის რეალიზებისთვის.

და ბოლოს, წინასაარჩევნო კონტექსტს ხომ არ უკავშირებთ ბოლო პერიოდში რუსი პოლიტიკოსების ამგვარ აქტიურობას?

- ვერ გეტყვით, თუმცა ვიმეორებ, მსგავსი კომენტარები ადრეც გაკეთებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები