მოსკოვის მორიგი ფანდი: "რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად"

01-09-2021 14:53:25 პოლიტიკა

მოსკოვი საქართველოს მორიგ ანტიდასავლურ სატყუარას უგდებს. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად.

«თუ საქართველოს ნამდვილად სურს, არა რუსულ კარტს ათამაშებდეს დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისკენ სწრაფვაში, არამედ ნორმალურად იცხოვროს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვართ», – განაცხადა ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე მტკიცებით, რუსულ მხარეს "ჰქონდა განზრახვა, ეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად დააწესა, თუმცა თავიდან რუსეთის ხელისუფლება მაინც აკვირდებოდა, რა მოხდებოდა და, რაღა თქმა უნდა, არავის უკრძალავდა საქართველოში სიარულს".

"დაახლოებით 1,5 წლის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაც კი გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის მიმართ, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომაზე იყო ჩასული" - აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისთვის: აგვისტოში ამ თემაზე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ბიკანტოვმაც. მისი სიტყვები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს თბილისთან ურთიერთობების აღდგენას თავისი მტკიცე პირობებით სურს: საქართველომ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობა" და ამასთანავე, უარი თქვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები