ღარიბაშვილი – ენმ-ის გადაწყვეტილებაზე: "მორიგი პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს"
02/09/2021 08:22:11 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენმ–ის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე 5–თვიანი დაგვიანებით ხელმოწერას ეხმიანება და გადაწყვეტილებას "პოლიტიკურ თაღლითობას" უწოდებს.
"გუშინ გავიგეთ, რომ მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია. 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი, ამ კომპრომისზე წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ჩვენი დიდი მეგობრის, შარლ მიშელის პატივისცემის დასადასტურებლად, ჩვენი დიდი მეგობრის ამერიკის პატივსაცემად, ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ძალიან პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და სიტუაციის დაწყნარება", - თქვა ღარიბაშვილმა ზესტაფონის მერობის კანდიდატის წარდგენისას.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით მიღწეულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
პარტიის თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, ხელმოწერის გადაწყვეტილება მიუხედავად პარტიაში აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც მიიღეს, რადგან არ მისცემენ "ქართულ ოცნებას" საშუალებას, 2 ოქტომბრის შემდეგ "რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს".


