
თბილისის ჩარევის შედეგად ვარშავასა და სტამბოლში საერთაშორისო გამოფენებში აფხაზეთის მონაწილეობა ჩაიშალა
02/09/2021 11:12:43 კონფლიქტები
თბილისის ჩარევის შედეგად ვარშავასა და სტამბოლში დაგეგმილ საეთაშორისო ღონისძიებებში "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" სტატუსით აფხაზეთის მონაწილეობა ჩაიშალა, - იუწყება ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
საუბარია სტამბოლში გახსნილ საერთაშორისო გამოფენაზე «CNR Food Istanbul» და 2022 წლის აპრილისთვის ვარშავაში დაგეგმილ ანალოგიურ საერთაშორისო ღონისძიებაზე «WorldFoodPoland».
"ჩვენ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით სტამბოლის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის, კერძოდ, რეგისტრაციის გასავლელად და აფხაზური პავილიონის სქემის შესამუშავებლად, პავილიონის იჯარის თანხაც კი გადავრიცხეთ. თუმცა თურქეთში საქართველოს საელჩოს ჩარევის შემდეგ აფხაზეთს ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. საელჩომ პროტესტი გამოხატა ამ ღონისძიებაში აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით დაგეგმილი მონაწილეობის გამო და თურქეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებას შესაბამისი ნოტით მიმართა. გამოფენის ორგანიზატორები ოფიციალური ანკარის ზეწოლით იძულებულები გახდნენ, აფხაზეთი ღონისძიების მონაწილე ქვეყნების სიიდან ამოერიცხათ. ანალოგიური შემთხვევა მოხდა ერთი კვირით ადრე: იმავე მიზეზით აფხაზეთს უარი ეთქვა მონაწილეობაზე «WorldFoodPoland»-ში, რომელიც 2022 წლის 5-7 აპრილისთვის ვარშავაშია დაგეგმილი. პოლონეთი, როგორც გაერო-ს წევრი ქვეყანა, აფხაზეთს იურიდიულად საქართველოს ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად, ღონისძიების ორგანიზატორებმა უარი გვითხრეს, გამოფენაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით მიგვეღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო შეთანხმებული" - აცხადებენ დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
თავის განცხადებაში დე ფაქტო უწყება დასძენს, რომ "მიუხედავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს საელჩოების გამალებული მცდელობებისა, ხელი შეუშალონ აფხაზეთის აქტივობებს უცხო ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად, აფხაზური მხარე კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობასა და მსოფლიოში აფხაზეთის დადებითი იმიჯის ლობირებას».