„გაუგებარი ნაბიჯია“ – პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ EU-სთან დაკავშირებით აკრიტიკებს
02/09/2021 14:03:25 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებაზე.
„აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი სირთულე. რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა, გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა, სტაბილურობის შენარჩუნება. ისიც გვესმის, რომ რაიმე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის, რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ იმ შიდა და გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, ქვეყნის დასუსტება. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია: ეკონომიკური არგუმენტი "ვალის შემცირების აუცილებლობა" ანალიზს ვერ უძლებს“,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, „როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც ვერ ამოიღებს იმ ზიანს, რომელიც კოვიდმა მოსახლეობას მოუტანა და რომლის შემცირებასაც ემსახურებოდა აღნიშნული 300 მლნ ლარიანი სესხი“:
„გაუგებარია, რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ ორციფრიანი ეკონომიკური ზრდის ეფექტი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. თანაც, ცოტა პარადოქსულად ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა, მეორეს მხრივ კი სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება მაშინ, როდესაც ის დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება“.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაში მთავარი არა უშუალოდ 300 მილიონი ლარი, არამედ საქართველოს რეპუტაცია, სიტყვის სანდოობაა:
„მართალია, ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი, აუხსნელი გადაწყვეტილებები შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზე“.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, "უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში ახალი სტრატეგიული ვითარება ყალიბდება და საქართველოს უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ევროპაზე, ვიდრე აქამდე იყო":
„დარწმუნებული ვარ, იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია და ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯმა მოსახლეობაში ცრუ წარმოდგენები არ გააჩინოს: ევროკავშირის სოლიდარობას და გვერდში დგომას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%–ს არათუ ესმის, იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება კიდევ მეტად იქნება დამოკიდებული ევროპაზე, ვიდრე აქამდე იყო. როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში, ხოლო ევროპელ პარტნიორებს - 2024 წლისთვის წევრობაზე განცხადების შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, პარტნიორების სრული ნდობა შევინარჩუნოთ“.
ამასთან, ზურაბიშვილმა ენმ–ის გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, "თავხედური" უწოდა:
„ამ ვითარებაში ჩემი როლი ნათელზე ნათელია: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ (არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა) შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერ იმის, რასაც ვიცავ მუდმივად, პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი!".
ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა ერთის მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა“ და მეორე მხრივ, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.
საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ საქართვლომ დახმარების პირობა ვერ შეასრულა.
ევროკავშირი დახმარების პირობად საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას ასახელებდა, მათ შორის - სასამართლო რეფორმის.


