"საქართველომ ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა"

31-08-2021 19:21:20 პოლიტიკა

საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი,– ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშნვის საკითხი. „შერჩევა წარიმართა იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რომელიც საჭირო იყო ვენეციის კომისიის შესაბამისობისთვის. შერჩევის პროცესში კანდიდატებისთვის არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები. ასევე არ იყო მიღებული რამდენიმე ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალეობის გაზრდას" - განმარტეს ბრიფინგზე და დასძინეს, რომ მაკროფინანსური დახმარების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით შედგენილი დოკუმენტით აიღეს.

"150 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომლის ნახევარი გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა მოსახლეობის დახმარებას პანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას უნდა მოჰხმარებოდა. ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს დასაბუთებას გადაწყვეტილებაზე, არ მოითხოვოს დახმარების დარჩენილი ნაწილი და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის - მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და საქართვლო–ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებისთვის" - განაცხადეს ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე "ყურადღებით დაკვირვებას".

"მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავაც ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული" - ხაზგასმით აღინიშნა ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილი ასახელებს, ერთის მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას“ და მეორე მხრივ, საგარეო ვალის შემცირების სურვილს.

ევროკავშირი დახმარების პირობად საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას ასახელებდა, მათ შორის - სასამართლო რეფორმის.

იხილეთ ასევე: უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები