
"ჟენევის შეხვედრები უნდა შენარჩუნდეს, თუმცა რაც მეტი იქნება მსგავსი პლატფორმა და არხი, მით უკეთესი"
02/09/2021 19:42:22 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში გამომავალი გაზეთი «Республика Абхазия» დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ჟურნალისტი დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შამბასეული შეფასებით დაინტერესდა.
«სიტუაციები განსხვავებულია. ადრე მოლაპარაკებათა პროცესი გაერო-ს ეგიდით იმართებოდა, მასში ძლიერი სახელმწიფოები და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდნენ. რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რა თქმა უნდა, სადღეისოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს გარკვეული წარმატებები. მათგან ბოლო ჩვენი ქვეყნის სირიის მიერ აღიარებაა. ჩვენთვის სირია წმინდა მიწაა, რადგან აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების პირველი აღიარება და ხელდასმა სწორედ იქ მოხდა», – განაცხადა საპასუხოდ დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მისივე თქმით, «რუსეთის მიერ აღიარებამ აფხაზეთს შეუქმნა შესაძლებლობა, გადაეჭრა საკითხები ორი ძირითადი - უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით": "აფხაზეთი, ისევე, როგორც ნებისმიერი მცირე სახელმწიფო, საჭიროებს სანდო კავშირს. რუსეთი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ბირთვული სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა».
ამასთან, როგორც შამბამ აღნიშნა, "შემდგომ საერთაშორისო აღიარებაზე მუშაობა დამატებით ფინანსურ სახსრებს მოითხოვს".
ამ კონტექსტში ჟურნალისტი დაინტერესდა მისი აზრით გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ამა თუ იმ სახელმწიფოს აფხაზეთის აღიარებას სთხოვს და სანაცვლოდ ეს სახელმწიფო მოსკოვისგან გარკვეულ დივიდენდებს იღებს. "თუ ასეა, რატომ არ აღიარებენ აფხაზეთს ბელორუსი ან ყაზახეთი? ანდა თავად აფხაზი დიპლომატები რატომ არ მუშაობენ ამ მიმართულებით?" - იკითხა ინტერვიუერმა.
"ვერ დაგეთანხმებით - აფხაზი დიპლომატები მუშაობენ ამ მიმართულებით. მოგიყვანთ მაგალითს: როდესაც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია ნიკარაგუასა და ვენესუელაში იყო ჩასული, ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტისას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განაცხადებდა. და მან ეს გააკეთა, ისე, რომ რუსეთმა ამის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. დიახ, რუსეთი ყოველთვის გვიწევს ტექნიკურ და დიპლომატიურ დახმარებას, მაგრამ ჩვენი აღიარების სანაცვლოდ სახელმწიფოების არავითარ წახალისებებზე საუბარი არ არის», – განაცხადა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა.
რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, როგორც შამბამ აღნიშნა, "სადღეისოდ ეს ერთადერთი პლატფორმაა საერთაშორისო დონეზე და ეს შეხვედრები უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ რაც მეტი იქნება მსგავსი პლატფორმა და არხი, მით უკეთესი".