Accentnews.ge
“ქართველების არ უნდა გვეშინოდეს”: სოხუმში ჯანდაცვის კუთხით თბილისთან ორგანიზებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

“ქართველების არ უნდა გვეშინოდეს”: სოხუმში ჯანდაცვის კუთხით თბილისთან ორგანიზებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

03/09/2021 09:13:53 კონფლიქტები

მიმდინარე წლის 11 მაისიდან 8 ივლისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდებოდა. ამ კუთხით მოსახლეობის აქტივობას მაღალს ვერ დაარქმევდი, თუმცა მოსკოვიდან მიწოდებული რუსული ვაქცინის - «Sputnik V»-ის პირველი პარტია - 6,5 ათასი დოზა აცრის ყველა მსურველისთვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მაშინ რამდენჯერმე განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად მიღებული იყო დაპირება, მეორე პარტია აფხაზეთისთვის უკვე ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში მიეწოდებინათ, თუმცა რუსეთის სახელმწიფოსგან ის დღემდე არ მიუღიათ. ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ კერძო ბიზნესმენების მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი პარტია ჩაიტანეს, ისიც – ცხადია, არასაკმარისი რაოდენობით.

კორონავირუსული პანდემიის ფონზე სოხუმის მიმართ მისი “სტრატეგიული მოკავშირის” - რუსეთის მსგავსი არცთუ მეგობრული დამოკიდებულების მიზეზებზე ბოლო თვეების განმავლობაში აფხაზეთში ბევრს საუბრობენ. ამ თემას არაერთი მასალა მიუძღვნა “აქცენტმაც”. მთელი რიგი პოლიტოლოგების აზრით, შექმნილი ვითარება სოხუმის მიერ მოსკოვის მხრიდან დასახული პირველხარისხოვანი ამოცანების არშესრულებას უკავშირდება, კერძოდ, იმას, რომ აფხაზური კანონმდებლობის რუსულთან ჰარმონიზაციის შესახებ მოსკოვის მოთხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია, ენერგოსექტორის რუსებისთვის მიყიდვის მოთხოვნის მსგავსად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების რუსი «ინვერსტორების» მიერ პრივატიზებაზე კი, ისევე, როგორც რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური ე.წ. მოქალაქეობის მინიჭების დაშვებაზე კვლავინდებურად ვრცელდება საკანონმდებლო შეზღუდვები და აფხაზებს რუსეთისთვის აიბღასა და ბიჭვინთის გადაცემა არ სურთ.

სოციალურ ქსელებში არაერთი მომხმარებელი გამოხატავს იმედგაცრუებასა და წყენას “სტრატეგიული მოკავშირის” მიმართ. «აიბღა მოგვეცით, ბიჭვინთა მოგვეცით 200 ჰექტარი საუკეთესო მიწითურთ, ის მოგვეცით, ეს მოგვეცით… ეს რა, ნორმალურია?!», - წერს Facebook-ში ინტერნეტ-მომხმარებელი თენგო დბარი. «ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობით ახალ-ახალ რეკორდებს ვხსნით. ქვეყანაში ძალზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, რუსეთი კი ამ ფონზე ვაქცინას არ გვაწვდის... ბრავო ჩვენს მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს!», - წერს თავის Facebook-გვერდზე ინტერნეტ-მომხმარებელი ესმა არშბა. «აი, ასე ვცხოვრობთ: პენსიებს არ გვაძლევენ, ხელფასები იგვიანებს. ფასები გაორმაგდა და არა მარტო პროდუქტის, არამედ წამლებისაც. ყველაფერთან ერთად, ახლა აღარც რუსეთში გვიშვებენ სერტიფიკატისა და აცრის გარეშე, თანაც აცრის შესახებ ჩვენთან გაცემულ სერტიფიკატებს რუსეთი არ სცნობს! აი, ასე “ვუყვარვართ” სტრატეგიულ პარტნიორსა და “უფროს ძმას” – წერს ფეისბუქ-მომხმარებელი სახელად ამრა.

ამასთან, არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ უკვე რიგი ოფიციალური პირებიც გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ რუსი “მოკავშირის” მსგავსი ქცევის ფონზე აუცილებელია კონტაქტების გააქტიურება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თბილისთან.

ერთ-ერთი, ვინც მსგავს პოზიციას აფიქსირებს, აფხაზური “პარლამენტის” წევრი, პროფესიით მედიკოსი ალხას ჯინჯოლიაა. ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს მან განასაჯაროვა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვმა სოხუმს რუსული ვაქცინის მეორე პარტიის მიწოდებაზე უარი უთხრა და გამოვიდა ინიციატივით, დე ფაქტო ხელისუფლებას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიემართა (თავის დროზე, როდესაც რიგმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთს უცხოური ვაქცინების უფასოდ მიწოდება შესთავაზეს, სოხუმმა ამ დახმარებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ყველა სახის საჭირო დახმარებას მოსკოვიდან მიიღებდა).

ამ პოზიციაზე რჩება ჯინჯოლია დღესაც. მეტიც, “დეპუტატის” აზრით, “ზოგადად, დაავადებებს არ აქვს მოქალაქეობა, ბინადრობის მოწმობა და ჯანდაცვის კუთხით ქართულ მხარესთან თანამშრომლობას ორგანიზებული სახე უნდა მიეცეს”. “საქართველოსთან მიმართებაში რატომღაც [ომში – რედ.] გამარჯვებულთა ნაცვლად, დამარცხებულთა ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბდა. ქართველებთან, რა თქმა უნდა, სიფხიზლე გვმართებს, მაგრამ მათი არ უნდა გვეშინოდეს. […] კოვიდი ძალიან “გამომაფხიზლებლად” მოქმედებს. ამასთან, უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამომავლოდ კიდევ მოგვიწევს ომები სხვა ახალ-ახალ ვირუსებთან, რომ მოძველებული ინსტრუმენტარიები, რომლებიც დღევანდელ რეალობაში კრიტიკას ვეღარ უძლებს, აღარ გამოგვადგება და თუ გვინდა, გადავრჩეთ, ამ საკითხებს უფრო გლობალური – ზოგადსაკაცობრიო კუთხით უნდა შევხედოთ. მეთოდიკებს უნდა გადავხედოთ, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედოთ არაფორმალურად, რადგან ფაქტია, რომ უკვე ვკარგავთ მოსახლეობის შემაძრწუნებლად დიდ რაოდენობას” – აცხადებს ჯინჯოლია და იმ უკვე აღიარებული ფაქტის ფონზე, რომ აფხაზეთის მოსახლეობა დახმარებისთვის აქტიურად სწორედ თბილისს მიმართავს, სამედიცინო კუთხით ქართულ მხარესთან კავშირისთვის “მოწესრიგებული სახის” მიცემის, მათ შორის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. პოლიტიკური კუთხით “დეპუტატი” ამ მხრივ მნიშვნელოვან საფრთხეებს ვერ ხედავს და მეტიც, თვლის, რომ “ამ მხრივ უფრო საშიში ამჟამინდელი მდგომარეობა - ვითარების თვითდინებაზე მიშვებულობა შეიძლება, იყოს, როცა ორგანიზებული კონტაქტები არ არსებობს და ხალხი საკუთარი ინიციატივით დადის სამკურნალოდ”.

ამ პოზიციას იზიარებს აფხაზი ანალიტიკოსი ასტამურ ტანიაც. “2008 წლიდან არსებობს სტატუს-ქვო, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთან საბრძოლო მოქმედებების განახლების ალბათობა უკიდურესად მცირეა (რუსეთი აფხაზეთს უსაფრთხოების სრულ გარანტიას აძლევს და არა მგონია, საქართველოში ეს არ ესმოდეთ). მას შემდეგ, რაც თავის დროზე არსებული მოლაპარაკებათა ორმხრივი ფორმატი მოიშალა, ქართულ და აფხაზურ უწყებებს შორის პირდაპირი კონტაქტები პრობლემური გახდა და ასე იქნება მანამდე, სანამ მოლაპარაკებათა მსგავსი ფორმატი რაიმე სახით არ რეკონსტრუირდება. თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არც დღეს გვაქვს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო წარმოდგენილობა – თბილისსა და სოხუმში მოქმედი ერთი და იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები (უპირველესად, ეს გაერო-ა, ამჟამად – ჯანმო-ც) და თუკი დგას ინფორმაციის რეგულარული გაცვლის მექანიზმის ჩამოყალიბების საჭიროება, ამის განხორციელება საკმაოდ მარტივია თუნდაც იგივე გაერო-ს შუამდგომლობით. ამ მხრივ ვერავითარ სერიოზულ წინაღობას ვერ ვხედავ” – აცხადებს ტანია.

თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი საუბრის დონეზეა, აფხაზეთის მოსახლეობა კი – იძულებითი თვითორგანიზების რეჟიმში. სოცქსელების მთელი აფხაზური სეგმენტი აჭრელებულია მედიკამენტებით დახმარების თხოვნებით და როგორც კოვიდის, ისე სხვა დაავადებების სამკურნალოდ ადამიანები კვლავინდებურად კვეთენ ენგურს: თბილისი ხომ, საკუთარი რთული ეპიდვითარების მიუხედავად, აგრძელებს აფხაზეთის მოსახლეობის გადარჩენას — უხმოდ, ყოველგვარი შანტაჟის, პოლიტიკისა და თავმოწონების გარეშე.

ეკატერინე ცანავა

_________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S