
კადიროვი: "ჩეჩნეთი დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა"
03/09/2021 11:14:10 კავკასია
"ჩეჩენი სახალხო გმირები, კერძოდ შეიხ მანსური, ბაისანგურ ბენოეველი, თაიმინ ბიბოლათი, ადინ სურხო იღწვოდნენ, ჩეჩნეთი მისი დღევანდელი სახით შეექმნათ", - განაცხადა რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა.
ისტორიის საკუთარი ხედვა მან გაფართოებულ სხდომაზე მთავრობის წევრებს გაუზიარა.
"ეს რესპუბლიკა გვეკუთვნის ჩვენ და მეტს არავის. რისთვის ვიბრძოდით შეიხ მანსურის დროიდან მოყოლებული? - ჩვენ ვიბრძოდით შესაძლებლობისთვის, დაგვეცვა ისლამი და ჩეჩენთა კოდექსი. რომ გადავხედოთ ჩვენს ეროვნულ გმირებსა და იმას, რას აკეთებდნენ და რას მიაღწიეს, ნათელი ხდება, რომ ისინი იბრძოდნენ თავისუფებისთვის, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ჩეჩნებს არასოდეს ჰქონიათ საკუთარი სახელმწიფო. შეიხ მანსურს რომ დამოუკიდებლობა სნდომებოდა, გელენჯიკამდე კი არ მივიდოდა, დაიპყრობდა რესპუბლიკას და ჩამოაყალიბებდა აქ სახელმწიფოს თავისი დროშითა და ღერბით. მან კი მთელი კავკასია დაიპყრო და ანაპამდე მიაღწია. დღეს უფალმა შეისმინა ამ ადამიანების იმედები და გამარჯვება გვაჩუქა, ხოლო მის შესანარჩუნებლად უბრალოდ უნდა მივყვეთ ახმატ კადიროვის [რამზან კადიროვის მამის - რედ.] გზას და მოვეშვათ რაღაც ახლის გამოგონებებს", - განაცხადა კადიროვმა.
ახმატ კადიროვი 1995-1999 წლებში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მუფტი გახლდათ. მოგვიანებით იგი ოპოზიციაში გადავიდა და რუსული ფედერალური ჯარების მხარეს დადგა. 2003 წლის შემოდგომაზე კრემლმა ახმატ კადიროვი პრეზიდენტად აარჩევინა, თუმცა 2004 წლის მაისში იგი გროზნოში ტერაქტის შედეგად დაიღუპა.
უფლებადამცველები მუდმივად აღნიშნავენ რამზან კადიროვის როლს ჩეჩნეთში მამამისის პიროვნების კულტის ჩამოყალიბებაში.