ღარიბაშვილი –პრეზიდენტის კრიტიკაზე: "ავუხსნით"
03/09/2021 11:26:14 პოლიტიკა
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის კრიტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, თუ რა ვალზეა საუბარი.
"საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მე მგონი კითხვები აღარ არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ განმარტება გავაკეთეთ ამის თაობაზე და ჩვენს მოსახლეობას ავუხსენით, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაცია, იმის თაობაზე, საერთოდ რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები და საერთოდ, როგორ მართავს მთავრობა მთელს ამ პროცესს.
დიახ, ვალია და სესხია, და ზოგადად, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. ჩემს განცხადებაშიც და ჩემმა კოლეგებმა არა ერთგზის განმარტეს, რომ პირველი ის, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა აღებაც არ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას რაიმე პრობლემას. ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა რაღაც განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიის დროს, ნახეთ როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ სესხით. და მესამე, სესხი იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან, ასეთი წვრილმანებით, როდესაც ჩვენ ვკონცენტრირდებით და ურთიერთობას ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან, მე მგონი ეს არის დამაკნინებელი და დამაზიანებელია ზოგადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების. ჩვენ გაცილებთ უფრო მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი კონკრეტული, ცალკე აღებული სესხის ნაწილია.
75 მილიონი ევრო არ წარმოადგენს რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს თუ გადახედავს ზოგადად ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
ცნობისთვის: ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა ერთის მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა“ და მეორე მხრივ, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.
საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ საქართვლომ დახმარების პირობა ვერ შეასრულა.
ევროკავშირი დახმარების პირობად საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას ასახელებდა, მათ შორის - სასამართლო რეფორმის.
2 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა.


