«პერსევერანსმა» მარსიდან გრუნტის პირველი სინჯები მოიპოვა

03-09-2021 16:37:43 ეს საინტერესოა

მარსმავალმა "პერსევერანსმა" მეორე ცდით მარსის ბორცვოვანი ზედაპირის დიდი ნაჭრის შიდა ნაწილიდან გრუნტის პირველი სინჯების მოპოვება შეძლო, - იუწყება აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA).

დედამიწაზე მოწოდებული პირველი კადრები აჩვენებს, რომ პირველი ცდისგან განსხვავებით, ამჯერად სინჯები არ დაზიანებულა და რეზერვუარშია დაცული, - იუწყება NASA, თუმცა იქვე დასძენს, რომ არასაკმარისი განათების გამო ფოტოები მკაფიო ვერ გამოდგა და მისიის წარმატებაში დარწმუნებისთვის საჭირო იქნება ახალი ფოტოები - უფრო ხარისხიანი განათებით.

ეროვნულ სამმართველოში ახალი ფოტოების მიწოდებას 4 სექტებრისთვის ელიან.

NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მისიების ფარგლებში წლის განმავლობაში მარსმავალმა მარსის ბორცვოვანი გრუნტის შიდა ნაწილიდან 2 ათეულზე მეტი სინჯი უნდა აიღოს.

როვერ "პერსევერანსთან" ერთად მარსზე გადასროლილი ვერტმფრენი "ინჟენიუითი" მიმდინარე წლის აპრილში პირველი ძრავიანი აპარატი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტაზე მართვადი ფრენა შეასრულა.

თავად "პერსევერანსი" მარსზე გასული წლის ივლისში გაუშვეს. მისია "მარსი-2020"-ის ფარგლებში იგი ეზეროს კრატერში მიმდინარე წლის 19 თებერვალს დაეშვა. ვარაუდობენ, რომ კრატერი ოდესღაც წყლით იყო ამოვსებული. დედამიწაზე ჩამოსატანად გრუნტის სინჯების შეგროვების გარდა, მარსმავალი ეცდება, მარსზე სიცოცხლის უძველესი ფორმების არსებობის ნიშნებს მიაკვლიოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები