ტყუილია ინფორმაცია, თითქოს აშშ-ს პრეზიდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ჩაეძინა

06-09-2021 14:02:43 ანალიზი

დეზინფორმაცია: აშშ-ს პრეზიდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ჩაეძინა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ამტკიცებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ისრაელის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ, ნაფტალი ბენეტისთან შეხვედრის დროს ჩაეძინა. გავრცელებულ 25-30- წამიან ვიდეოებში, ქვეყნის ლიდერების შეხვედრიდან ის მონაკვეთებია ამოჭრილი, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი ქვემოთ იყურება და მისი თვალები სრულად არ ჩანს. მაყურებლისთვის იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს აშშ-ს პრეზიდენტი თვლემს. მსგავსი ვიდეოები გაავრცელეს Facebook-გვერდებმა პოლიტიკანო, TV თავისუფალი არხი, Spacenews

.2021 წლის 25 აგვისტოს, ისრაელის კოალიციური მთავრობის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ესტუმრა. 27 აგვისტოს, ბენეტს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ირანის ურთიერთობები იყო. შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ლიდერებმა, ოვალურ კაბინეტში მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. სწორედ ამ განცხადებებიდანაა ამოჭრილი ის 30-წამიანი მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და სადაც ამტკიცებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ჩაეძინა.

სინამდვილეში, მთლიანი ჩანაწერის ხილვის შემთხვევაში, მარტივი შესამჩნევია, რომ ჯოზეფ ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრის საუბრის პროცესში, რომელიც დაახლოებით 8 წუთს გაგრძელდა, რამდენჯერმე იცვლის სხეულის პოზას და კონკრეტულად ამ 30- წამიან მონაკვეთში, რომელიც გავრცელებულ ვიდეოებშია ნაჩვენები, ის უბრალოდ ძირს იყურება (თუმცა ამ მონაკვეთშიც კარგად ჩანს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი რამდენჯერმე აკეთებს თითების მოძრაობას). ჩანაწერში ვხედავთ, რომ ისრაელის პრეზიდენტის სიტყვის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი მას დაუყოვნებლივ პასუხობს და ისინი მედიასთან საუბარს აგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბაიდენის „ჩაძინების“ შესახებ მსგავსი ყალბი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება [ ბმული 1, ბმული 2 ]. ეს ყველაფერი 2019 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წელს ის აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაიდენს „მძინარე ჯო“ (Sleepy Joe) უწოდა, რითაც ტრამპი ცდილობდა, ბაიდენის ასაკისთვის გაესვა ხაზი და მოსახლეობაში შეექმნა განცდა, რომ მას საკმარისი ენერგია და სათანადო ფიზიკური მდგომარეობა არ ჰქონდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი გამხდარიყო.

წყარო:factcheck.ge

ახალი ამბები

სხვა სიახლეები