
ოსური უშიშროება ახალგორის 2-წლიან ბლოკადას პანდემიით "ამართლებს"
06/09/2021 13:49:32 კონფლიქტები
ცხინვალის დე ფაქტო ხეისუფლების მიერ ახალგორის რაიონის ბლოკადის დაწყებიდან 2 წელი შესრულდა. ზუსტად ორი წელია, ჩაკეტილია ახალგორის მახლობლად მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ოძისი".
ოსური "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი" აცხადებს, რომ დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვამ ცხინვალს COVID-19-ის პანდემიის კუთხით "დიდი ზიანი ააცილა", რადგან "თბილისი კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხეს იგნორირებას უწევს".
ამასთანავე, დე ფაქტო "უშიშრობის კომიტეტის" იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ორი წლის წინ ქართულმა მხარემ უკანონოდ აამოქმედა წნელისთან პოლიციის საგუშაგო, გამშვები პუნქტების ჩაკეტვა კი ოსური მხარის საპასუხო ზომა იყო".
«თავის გადაწყვეტილებაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება უპირველესად, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით ხელმძღვანელობდა, თუმცა სახელმწიფო საზღვრის კვეთის მხრივ მოქმედი შეზღუდვების მიუხედავად, ჰუმანიტალური მიდგომიდან გამომდინარე, სისტემატიურად იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს მეზობელ საქართველოში გადასვლის ან იქიდან დაბრუნების საჭიროების მქონე კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში», – ირწმუნება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.
ცნობისთვის: ჯერ კიდევ აპრილში ოსური "პარლამენტის" დე ფაქტო ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე ფილიევმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეული დაავადება "რესპუბლიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა გადაიტანა", ივლისში კი მან დააზუსტა, რომ "ანტისხეულები მოსახლეობის უკვე 80%-ს აქვს გამომუშავებული".