საქართველოს იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური სტუმრობს

07-09-2021 11:05:25 თავდაცვა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ენცო ვეჩარელი იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა და გენერალ ენცო ვეჩარელის იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და იტალიის თავდაცვის სეგმენტის აქტიურ ძალისხმევას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ნატოს სტანდატებით განვითარების თვალსაზრისით. ამასთანავე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის თავდაცვის ძალებს შორის არსებული და სამომავლო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებიც.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ იტალიელ გენერალს ქართველმა კოლეგამ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები გენერლებმა პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს, რის შემდეგაც მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და იტალიის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის სხვადასხვა აქტივობას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას და სხვა. გამოკვეთილად აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული მჭიდრო ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღესვე, გენერლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიზიტის ფარგლებში იტალიის დელეგაცია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები