მასშტაბური ოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – დაკავებულია 21 პირი
07/09/2021 07:16:57 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკორეალიზატორების დაკავებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების ამოღების შესახებ იუწყება.
უწყების ცნობით, პოლიციის მიერ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 18 ნარკორეალიზატორია დაკავებული.
როგორც ოფიციალური რელიზიდან ირკვევა, დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.
შსს–ში აცხადებენ, რომ დაპატიმრებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.
"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციის მიერ დაკავებული 3 პირი სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ. სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 8 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა",– აცხადებენ შსს–ში.


