
"სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში წარმოდგენილობას აფართოებს: მუდმივად უნდა ვიყოთ ევროპელთა თვალსაწიერში"
07/09/2021 10:15:59 კონფლიქტები
"სამხრეთ ოსეთი აგრძელებს თავისი საერთაშორისოკონტაქტების გაფართოებას და მზადაა კავშირების დასამყარებლად იტალიის მემარცხენე პარტიებსა და ორგანიზაციებთან" - განაცხადა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა, რომელიც ადგილობრივი კომუნისტების მიწვევით იტალიას სტუმრობს.
"გვსურს, ხიდები გავდოთ ჩვენს პარტიებს შორის, ჩავყაროთ საძირკველი. ჩვენც გვყავს მემარცხენე პარტიები, რომლებიც თანამშრომლობას ისურვებდნენ. თუ იტალიაში შესაბამისი მზადყოფნა იქნება, მე აქაურ მემარცხენეებს ორ-სამ ჩვენს პარტიას დავაკავშირებ», – განაცხადა მედოევმა.
მისივე მტკიცებით, "სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება წარმოდგენილობის გეოგრაფიას აფართოებს, კერძოდ, უკვე ჰყავს წარმომადგენლები ლომბარდიაში, ვენეტოში, სარდინიაში, სიცილიასა და რომში".
«წინ გვაქვს ვიზიტები ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ წარმოდგენილები უნდა ვიყოთ ევროპაში, მუდმივად ვიყოთ ევროპელთა თვალსაწიერში», – დასძინა მედოევმა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ განაცხადა, რომ «საოკუპაციო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებში თვითმარქვიებს - ე.წ. ელჩებსა და წარმომადგენლებს ნიშნავენ, რომლებიც საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების მიმართ რუსული სპეცსამსახურების დესტრუქციულ ამოცანებს ემსახურებიან".