
რუსეთი აძლიერებს ანტიქართულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომლის სამიზნე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაა
07/09/2021 12:21:35 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილების მომძლავრების ფონზე რუსული პროპაგანდაც საგრძნობლად აქტიურდება.
სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის ე.წ. საელჩოებისა და ადგილობრივი რუსული ორგანიზაციების ეგიდით გახშირდა "კონფერენციები" თუ "მრგვალი მაგიდები", რომლებზეც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებზე ანტიქართული და ანტიდასავლური ნარატივებით ცდილობენ ზემოქმედებას და ამასთანავე, ხშირად მოთხოვნის რეჟიმში აძლევენ "რეკომენდაციას", მოსმენილი თავის ტელესიუჟეტებსა და პუბლიკაციებშიც აქტიურად გამოიყენონ "მოსახლეობის აღქმის სწორ კალაპოტში დასაბრუნებლად".
რამდენიმე ასეთ ღონისძიებას ბოლო პერიოდში "აქცენტის" სოხუმელი კორესპონდენტიც დაესწრო და მათი მსვლელობისას "საშიშ პროპაგანდისტთა" შორის თავად "აქცენტიც" დაასახელეს.
პარალელურად რუსეთი აქტიურად მართავს სოხუმსა და ცხინვალში ღონისძიებებს, რომელთა რუსი მონაწილეები - ხშირად საგანგებოდ მოსკოვიდან ჩასულებიც, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის კრემლისეულ იდეას ლობირებენ. უახლოეს დღეებში სოხუმში დაგეგმილია ამ ციკლის მორიგი ღონისძიება მოსკოვში მცხოვრები ცნობილი პროპაგანდისტის - ანდრანიკ მიგრანიანის მონაწილეობით.
ამავდროულად სოცქსელებში საგანგებოდ დამზადებული ანტიქართული და ანტიდასავლური ვიდეო- და აუდიორგოლების გავრცელებაც გახშირდა. ერთ-ერთ მათგანს ამ დღეებში "Tik Tok"-ში გადავაწყდით:
"აშშ-ის მიერ დაფინანსებული მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტებისა და პროვოკაციების მეშვეობით საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს. ნუ წამოეგებით ამ ხრიკებს. სიმართლე ჩვენს მხარესაა! ჩვენ გავიმარჯვებთ!" - ამბობს აუდიორობოტი.