Accentnews.ge
სოცქსელების ოსურმა სეგმენტმა ბიბილოვის ავტორიტარულ სეპარატისტულ რეჟიმს ბოლო დროის დანაშაულები შეუჯამა

სოცქსელების ოსურმა სეგმენტმა ბიბილოვის ავტორიტარულ სეპარატისტულ რეჟიმს ბოლო დროის დანაშაულები შეუჯამა

07/09/2021 15:09:48 კონფლიქტები

სოციალური ქსელების ოსურ სეგმენტში ბოლო პერიოდში ცხინვალის ოუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერის მიმართ მწვავე კრიტიკამ იმატა - დაწყებული ხალხის მძიმე ყოფის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებისა და მხოლოდ პირად გამდიდრებაზე ზრუნვის გამო ჩივილით, დამთავრებული სისხლის სამართლის კონკრეტული დანაშაულების ჩადენის ბრალდებებით.

ანატოლი ბიბილოვსა და მისი გუნდის წევრებს ყოველდღიურად უთვლიან დანაშაულებრივ ქმედებებს სხვადასხვა ტელეგრამ-არხებში.

მაგალითად, Telegram-არხმა БОНВӔРНОН ამ დღეებში “ოსი ხალხისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრიობის მიმართ ბიბილოვის ტერორის ქრონიკა” გამოაქვეყნა.

ტექსტში, კერძოდ, ნათქვამია:

"• 2018 წლის 28 თებერვალი — სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის თანამშრომლები ცხინვალში, ვაგზლის მოედანზე ფიზიკურად უსწორდებიან ადგილობრივ ახალგაზრდას - ინალ ჯაბიევს;

• 2019 წლის 2 ოქტომბერი — გენპროკურორ ურუზმაგ ჯაგაევის ბრძანებით, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ცხინვალის იზოლატორში მსჯავრდებულებს ცემენ. მათთან ფიზიკური ანგარისშწორებისა და წამების ამსახველი ვიდეო სოცქსელებში ხვდება;

• 2020 წლის 6 ივნისი — ანატოლი ბიბილოვი საპარლამენტო სესიაზე 200 შეიარაღებული ძალოვანის თანხმებით მიდის. პრეზიდენტი და მისი დაცვა ემუქრებიან დეპუტატებს და ერთ-ერთი მათგანის – ოპოზიციონერი ზაზა დრიაევის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების მცდელობას მიმართავენ;

• 2020 წლის 23-28 აგვისტო — ანატოლი ბიბილოვის პირად კონტროლქვეშ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-სა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლები დაუნდობლად აწამებენ ინალ ჯაბიევს, ნიკოლაი ცხოვრებოვსა და გერსან კულუმბეგოვს. მათგან “ოპოზიციონერი დეპუტატების დაკვეთით შს მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის” აღიარებას მოითხოვენ;

• 2020 წლის 28 აგვისტოს ინალ ჯაბიევი წამების დროს იღუპება;

• 2020 წლის დეკემბერი — მილიციის თანამშრომლები მერაბ ფუხაევის თაოსნობით ტენტს ართმევენ ინალ ჯაბიევის დედას, რომელიც მმართველი რეჟიმის ქმედებებს ცხინვალის ცენტრში აპროტესტებდა;

• 2020 წლის დეკემბერი — ძალოვანები ფიზიკურად უსწორდებიან დეპუტატ ვიტალი იკოევს შენიშვნის გამო, რომელიც მან ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქციაზე საჯაროდ გამოთქვა;

• 2021 წლის 21 იანვარი — სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანატოლი ბიბილოვის ცოლის ძმისშვილი სერგეი კაბისოვი ვლადიკავკაზში თავს ესხმის ჟურნალისტ რუსლან ტოტროვს, რომელიც სასტიკადაა ნაცემი;

• 2021 წლის 17 აგვისტო — სახელმწიფო დაცვისა და ბიბილოვის პირადი დაცვის თანამშრომლები ცხინვალში თავს ესხმიან ადგილობრივ ალან ბეკოევს პრეზიდენტის მიმართ კრიტიკის საჯაროდ დაფიქსირების გამო და ტაბელური იარაღის გამოყენებით, მუქარით ცდილობენ, აიძულონ, მუხლზე მდგომმა ბოდიში მოიხადოს ბიბილოვის წინაშე, ხოლო უარის მიღების შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან. ფიზიკურ ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს ბიბილოვის პირადი დაცვის წევრი, მისი ცოლის მეორე ძმისშვილი ლევ კაბისოვიც;

• 2021 წლის 2 სექტემბერი — ანატოლი ბიბილოვი ტელეფონით ოპოზიციონერ დეპუტატ ზაზა დრიაევს ურეკავს და ემუქრება მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” წარმომადგენლების “ლაქიებად” მოხსენიების გამო. იმავე დღეს პარლამენტის შენობაში ზაზა დრიაევს ფიზიკურად უსწორდება მმართველი პარტიის წარმომადგენელი – ბიბილოვის დაცვის ყოფილი წევრი, დეპუტატი აცამაზ ბიბილოვი”.

ოპოზიციონერი დრიაევის დე ფაქტო პარლამენტშივე ცემის ფაქტს ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთი სხვა პუბლიკაციაც მიეძღვნა. ინტერნეტ-მომხმარებლები თავის კომენტარებში აღშფოთებას ვერ მალავენ:

“ერთხელ მომხდარი შემთხვევითობაა, ორჯერ – დამთხვევა, მაგრამ სამჯერ და მეტჯერ – უკვე სისტემა. ბიბილოვის მიზანია, დაგვაშინოს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დემორალიზება მოახდინოს, რათა წაგვართვას მისი გეგმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი ნებისყოფა” – ასკვნიან სოცქსელების ოსური სეგმენტის მომხმარებლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S