Accentnews.ge
კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა

კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა

16/05/2019 10:05:32 სხვა, მსოფლიო

უკრაინის ერთ–ერთი უმდიდრესი მეწარმე იგორ კოლომოისკი, რომელმაც ქვეყანა 2017 წელს დატოვა, სამშობლოში დაბრუნდა,– ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროგრამა "სქემის" ("რადიო თავისუფლებისა" და უკრაინულ ტელეარხ "პირველის" ერთობლივი პროექტი) ჟურნალისტი მიხეილ ტკაჩი იუწყება. 

მისივე მონაცემებით, ცნობილი ოლიგარქი დნეპრის აეროპორტში დღეს, გამთენიისას ჯგუფ "პრივატის" კუთვნილი თვითმფრინავით ჩაფრინდა. მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თავად ბიზნესმენმაც დაადასტურა. 

უკრაინელი ჟურნალისტების კითხვა, რომელიც უახლოეს სამოქმედო გეგმებს ეხებოდა, კოლომოისკიმ უპასუხოდ დატოვა. 

ცნობისთვის: იგორ კოლომოისკი უკრაინის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანია. 2014 წელს, მაიდანის შემდეგ იგი დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის აფინანსებდა მოხალისეთა რაზმებს, რომლებიც დონბასში პრორუს სეპარატისტებს უწევდნენ წინააღმდეგობას. კრემლის მედიასაშუალებები იმხანად კოლომოისკის ხისტად აკრიტიკებდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი მას "უნიკალური თაღლითი" უწოდა და ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის მოტყუებაში დაადანაშაულა.

შემდგომში იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგორ კოლომოისკი თანამდებობიდან მოხსნა, უკრაინის ხელისუფლებამ კი მისი კუთვნილი "პრივატბანკის" ნაციონალიზაცია მოახდინა იმ მოტივით, რომ "ოლიგარქმა ბანკი გაკოტრების პირას მიიყვანა". თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კიევის სასამართლომ "პრივატბანკის" ნაციონალიზაციის გადაწყვეტილების მართებულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, შემდგომში მას სხვა სასამართლო ისტანციებმაც მიბაძეს და გადაწყვეტილებები კოლომოისკის სასარგებლოდ გამოიტანეს. ხელისუფლებამ მათი ვერდიქტების გასაჩივრების პირობა დადო. 

იგორ კოლომოისკი უკრაინაში 2017 წლის ივნისიდან აღარ ყოფილა. იმ დროიდან დღემდე იგი შვეიცარიასა და ისრაელში ცხოვრობდა. რამდენიმე ხნის წინ ოლიგარქმა განაცხადა, რომ სამშობლოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაბრუნდებოდა. 

უკრაინის არჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კოლომოისკის მოკავშირედ თვლიან. პოროშენკო კი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ზელენსკის "ოლიგარქის მარიონეტადაც" კი მოიხსენიებდა. თავად ზელენსკი კოლომოისკისთან პოლიტიკურ კავშირს უარყოფს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S