მშვენიერაძე ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას“ გახარიაზე კომპრომატი აქვს, რომელსაც კენჭისყრამდე გამოუქვეყნებენ

08-09-2021 12:55:07 პოლიტიკა

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე აქვს კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს.

მშვენიერაძე ასევე ვარაუდობს, რომ სესაბამის ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე გამოამზეურებენ.

"2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა ხომ გახსოვთ? ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა? დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ, კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული ვიკილიქსი. როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან", - ამბობს მშვენიერაძე.

7 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძის მსგავსად, ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი. იქვე კობახიძემ ახსენა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და თქვა, რომ ტესტის დაყოვნება, აჩენს კითხვებს დადებითი პასუხისგან თავის არიდებაზე.

საპასუხოდ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს:

"ნარკოტესტთან დაკავშირებით მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენჯერმე ჩამიბარებია. როცა თავისუფალი დრო მექნება, ამას გავაკეთებ, არჩევნებამდე. ვინმემ უნდა განმისაზღვროს, ხვალ გავაკეთებ თუ მერე? კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ".

ამასთან, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მან შარდის ანალიზი ჩააბარა და ნარკოტიკზე "სუფთაა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები