Accentnews.ge
საქართველოში ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

08/09/2021 10:29:34 კავკასია, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. იმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში გამომგზავრებამდე ფაშინიანმა მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ნორმალიზების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.

„ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული პროგრამა გახდა ჩვენთვის სამუშაო დღის წესრიგი. პრემიერ-მინისტრად ჩემი ხელახალი დანიშვნის შემდეგ მე ვიყავი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და დღეს საქართველოში მივდივარ. რეგიონული კომუნიკაციების განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირანთან და საქართველოსთან ჩვენი დისკუსიების დღის წესრიგში. ამ კონტექსტშია „ჩრდილოეთი-სამხრეთის პროექტი“, რომელიც ჩვენ საზღვარს ირანთან და საქართველოსთან აკავშირებს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სარკინიგზო კავშირის დამყარება რუსეთის ფედერაციასთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ განვიხილავთ სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი კომუნიკაციის განახლების საკითხს. აქ ჩვენ ვცდილობთ ყველანაირი ძალისხმევის გამოყენებას კონკრეტული შედეგების მისაღწევად. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ აზერბაიჯანი თავის მხრივ ელოდება კომუნიკაციას მის დასავლეთ რაიონებთან და ნახჭევანთან“, – განაცხადა ფაშინიანმა საქართველოში გამომგზავრებამდე.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S