რა საკითები განიხილეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ–მინისტრებმა

08-09-2021 16:37:09 კავკასია ,საგარეო პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ორი ქვეყნის რეგიონულ თანამშრომლობასა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც პარალელურად არსებობს და ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას.

მან ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა იმ პირად ურთიერთობებს, რომელიც იმ დღეებში საქართველოს პრემიერთან ჩამოუყალიბდა. მისი თქმით, იმ პერიოდში საქართველოს პრემიერთან უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე სომეხ ამომრჩეველთან.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი გაააქტიურებს მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მუშაობას.

მან ირალი ღარიბაშვილს ასევე გააცნო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ხედვები, რაც დაკავშირებულია რეგიონში ორი ქვეყნის პოტენციალის გაზრდასთან.

„საუბარია სატრანზიტო გზებზე, ენერგეტიკულ პროექტებზე, ტრანსპორტზე, ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან ისაუბრა ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, კერძოდ, სპეციალისტთა თანამშრომლობაზე.

ხაზი გაუსვა საქართველოში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის არსებობას და განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები გააგრძელებენ საქართველოს ერთიანობისთვის წვლილის შეტანას და მისი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი აქტორები იქნებიან.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობას საქართველოში მოქალაქე სომხების თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში ხელშეწყობისთვის.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი დონის პოლიტიკურმა დიალოგმა ეკონომიკის სფეროშიც ჰპოვოს ასახვა.

თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმაც აღნიშნა, რომ ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად.

„მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტებით, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი აქვს და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრა.

„განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს, ტურიზმს, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას – ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზედაც ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა ჩვენ განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ისაუბრა ყარაბაღის მეორე ომსა და ამ კონფლიქტით შექმნილ გამოწვევებზე:

"ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის რა თქმა უნდა, რული გამოწვევა იყო, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მე მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას. შესაბამისად, ჩვენს ამ საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი – ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ, ყველას, სამივე ქვეყანას, რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს“.

საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. მისი დახვედრის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე გაიმართა.

დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები