![ბიბილოვი: "ჩვენ რუსული სული გვაერთიანებს, რუსული სამყაროსთვის ვიბრძვით და ამ თვალსაზრისით, ყველანი რუსები ვართ!" [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/Screenshot_at_2021-09-08_18-20-00.png)
ბიბილოვი: "ჩვენ რუსული სული გვაერთიანებს, რუსული სამყაროსთვის ვიბრძვით და ამ თვალსაზრისით, ყველანი რუსები ვართ!" [ვიდეო]
08/09/2021 14:34:07 კონფლიქტები
«რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც მოდის, გეხმარება, ქმნის, აშენებს სოციალურ ობიექტებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და ა.შ.», – განაცხადა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა "დონბასის გათავისუფლების 78-ე წლისთავისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
«დღეს აქ სხვადასხვა ომების მონაწილეები შეიკრიბნენ - ავღანეთის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, რათა ერთად ვაჩვენოთ, რომ არსებობს სული, რომელიც გვაერთიანებს, რომელსაც ვერავინ გატეხს და რომელიც გვაძლევს ძალას, რელიგიური მრწამსისა და ეროვნების განურჩევლად. ეს სული რუსული სულია, რომელიც გვაერთიანებს. ესაა რუსული სამყარო, რომლისვისაც ყველანი ვიბრძვით და ამ თვალსაზრისით ყველანი რუსები ვართ», – განაცხადა ბიბილოვმა.
ოსმა დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გარანტი" უწოდა.
«ძალა მოგვცეს განგებამ, მოთმინება და გამარჯვებები! დონბასს კი - თავისუფლება! სამხრეთ ოსეთმა უკვე აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. დარწმუნებული ვარ, მათი აღიარება გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესია», – აღნიშნა მან.
რუსეთის მიერ ოკუპირებულმა ე.წ. "სამხრეთ ოსეთმა" 2014 წელს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკები" დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა და მხარეებმა "დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების" შესახებ განაცხადეს. დონეცკსა და ლუგანსკში "სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობები" მოქმედებს, ცხინვალში კი - დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების".
ბიბილოვს წელს უკვე ჰქონდა ვიზიტები ამ "სახალხო რსპუბლიკებში", კერძოდ - მაისში, ივლისში კი ცხინვალს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან" ფანტასტი მწერლები სტუმრობდნენ.