Accentnews.ge
“არ ვცხოვრობ, მაგრამ ვირჩევ”: ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის რუსულ არჩევნებში მონაწილეობის “აბსურდის თეატრი”

“არ ვცხოვრობ, მაგრამ ვირჩევ”: ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის რუსულ არჩევნებში მონაწილეობის “აბსურდის თეატრი”

08/09/2021 17:00:08 კონფლიქტები

3 სექტემბერს ცხინვალში რუსული მე-4 სამხედრო ბაზის, ასევე უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ადგილობრივი ოფისის თანამშრომლებისა და მათი ოჯახების წევრთათვის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ხმის წინმსწრებად მიცემის პროცესი დაიწყო, რომელიც 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები რუსეთის დანარჩენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები, თავად რუსეთის მსგავსად, არჩევნების ერთიან დღეს – 19 სექტემბერს გაიხსნება. სულ იმუშავებს 10 საარჩევნო უბანი: 6 - ცხინვალში, თითო-თითო – ახალგორის, ზნაურის, კვაისასა და ძაუს (ოსური სახელწოდებები) რაიცენტრებში.

რუსეთის წინა საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი – აფხაზეთი და ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” ზაბაიკალიეს (ბაიკალსიქითა) საარჩევნო ოლქს იყო მიმაგრებული. კერძოდ, აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები მაშინ ზაბაიკალიეს დაურის №44 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს მიაწერეს. წელს კი აფხაზური საარჩევნო გეოგრაფია გაფართოვდა: ბოლო ინფორმაციით, სოხუმში შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა როგორც ზაბაიკალიეს ოლქის დაურის, ისე ვორონეჟის მხარის პავლოვსკის № 90 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარმოდგენილი კანდიდატებისთვის; გუდაუთაში, დაბა ბომბორაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში – ლენინგრადის მხარის ვსევოლოჟის № 111 ერთმანდატიანი ოლქის კანდიდატებისთვის; გაგრასა და ბიჭვინთაში კი – სამარის № 158 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარმოდგენილთათვის.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, რუსეთის წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, იგი ამჯერადაც ზაბაიკალიეს ოლქსაა მიწერილი, თუმცა თუ წინა შემთხვევაში ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ჩიტას №43 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს იყვნენ მიმაგრებულები, ამჯერად რუსეთის “საელჩოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში საარჩევნო უბანი (უბნები) დაკონკრეტებული საერთოდ არ არის: ზაბაიკალიეს ოლქი – გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რომელი საარჩევნო უბნები – საიდუმლოდ რჩება. როგორც ჩანს, საკითხზე პასუხისმგებელმა რუსმა ჩინოსნებმა ჩათვალეს, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - ზაბაიკალიესგან შორს მდებარე პატარა “სამხრეთ ოსეთის” გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობის პოზიციაში წინა არჩევნებიდან გასული წლების განმავლობაში არაფერი შეიცვლებოდაო.

ცხინვალის რეგიონის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოსი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი მსგავს პირობებში ამ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს: ამბობს, რომ ზაბაიკალიეში არასოდეს ყოფილა და არც სამომავლოდ აპირებს ცხოვრებას, არც იქაური ყოფის შესახებ იცის რამე, არც დეპუტატობის კანდიდატებს იცნობს, ამდენად, როგორც ამომრჩეველი, თვლის, რომ მსგავს არჩევნებში მონაწილეობა მისთვის ყოველგვარ აზრსაა მოკლებული.

ცხურბატის აზრით, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ცხინვალელი ამომრჩეველი ჩრილოეთ ოსეთის საარჩევნო ოლქებისთვის მიემაგრებინათ:

“მაშინ მეტ-ნაკლები წარმოდგენა მაინც გვექნებოდა იმაზე, ვის ვაძლევთ ხმას. ჩვენ ხომ სახელმწიფო სათათბიროს წევრებს ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩვენს დეპუტატებად აღვიქვამთ, ჩვენი ინტერესების დამცველებად. იგივე არტურ თაიმაზოვი, მაგალითად, წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდანაა და ჩვენიანად ვთვლით, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მის არჩევაში მონაწილეობა არ მიგვიღია. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ჩრდილოეთ ოსეთს მივემაგრებინეთ და იმ კანდიდატებისთვის მიგვეცა ხმა, რომლებსაც ვიცნობთ, პატივს ვცემთ და სამხრეთ ოსეთში რეალური გავლენა აქვთ. ზაბაიკალიესთან მიმაგრება კი სრულიად გაუგებარია და ადგილობრივებში ნეგატიურ რეაქციას იწვევს: რისთვის ვაძლევთ ხმას უცნობ ადამიანებს, რომლებიც აქ – სამხრეთ ოსეთში არაფერზე ახდენენ გავლენას?! ეს რაღაც გაუგებარი თამაშია, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა მარიონეტად გრძნობს თავს» - აცხადებს ცხურბატი.

თავად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაც უკმაყოფილოა, როცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის “სამხრეთოსური” პასპორტების მქონე მრავალრიცხოვან მაცხოვრებლებს “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევენ ვლადიკავკაზში გახსნილი საარჩევნო უბნების მეშვეობით: აქ არ ცხოვრობენ და ჩვენს ხელმძღვანელებს რატომ უნდა გვირჩევდნენო?!

ანალოგიური მიზეზით უკმაყოფილონი არიან ამჟამინდელ არჩევნებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებელთა მონაწილეობის გამო ზაბაიკალიეშიც. და ასეთი განწობა ჰქონდათ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წინა არჩევნების დროსაც. 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დაურის საარჩევნო ოლქში ოპოზიციური “იაბლოკოს” მიერ წარდგენილი კანდიდატი იგორ ლინნიკი «Эхо Кавказа»-სთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ოლქის მოსახლეობა შეშფოთებული იყო ხმის მიცემის პროცესში აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ჩართვით, რადგან იქ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის გაკონტროლება სრულიად შეუძლებელი იყო.

ამავე პოზიციას ინარჩუნებს იგი დღესაც: “დიახ, ეს პატარა რესპუბლიკებია და მათში მცხოვრები მოქალაქეების ხმები საარჩევნო შედეგებზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა მათი ჩვენთან მომაგრება მაინც არასასიამოვნოა: საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით თავად რუსეთშიც უამრავი კითხვა ჩნდება ხოლმე, მსგავსი ტერიტორიების მომაგრებით კი კითხვები ორმაგდება… თანაც, ისე გამოდის, თითქოს ადამიანები, რომლებსაც ზაბაიკალიესთან არაფერი აკავშირებთ, აქაურ საქმეებში ერევიან: ჩვენი რეგიონები ხომ აბსოლუტურად განსხვავდება ვექტორულად, ჩაუხედავი ადამიანისთვის შესაძლოა, სულერთი იყოს, მაგრამ ჩახედულისთვის მსგავსი გადაწყვეტილებები ნამდვილად არასასიამოვნოა».

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S