სომხეთი მზადაა თურქეთთან სასაუბროდ

09-09-2021 16:53:22 კავკასია

ოფიციალური ერევანი ხედავს შესაძლებლობას, ისაუბროს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, სომხეთ-თურქეთის რკინიგზისა და ავტომაგისტრალების მუშაობის განახლებაზე, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის სხდომაზე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ამასწინანდელ განცხადებას.

  • რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ "ანკარა მზადაა ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის კეთილმეზობლობისა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე".

«ჩვენ მზად ვართ ასეთი საუბრისთვის. მნიშვნელოვანწილად, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის გადაქცევაზე გზაჯვარედინად, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებს. რუსეთმა საჯაროდ გამოხატა ამ პროცესის აქტიური მხარდაჭერის მზადყოფნა. ევროკავშირი, საფრანგეთი და აშშ ასევე დაინტერესებულები არიან ამ პროცესით» - აღნიშნა ფაშინიანმა და იქვე დასძინა, რომ მოსაზღვრე ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზება/გაღრმავება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.

მან იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ პრემიერად გადარჩევის შემდეგ პირველი ვიზიტი ირანში განახორციელა, ახლახანს კი - საქართველოში და რომ "ორივე შემთხვევაში დღის წესრიგში რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის საკითხები იყო". ამ კონტექსტში ფაშინიანმა გამორჩეულად აღნიშნა პროექტი "ჩრდილოეთი-სამხრეთი", რომელიც სომხეთ-ირანის საზღვარს სომხეთ-საქართველოს საზღვართან აკავშირებს.

«ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე სარკინიგზო კავშირი რუსეთსა და ირანთან. ამ ამოცანის გადასაჭრელად კომუნიკაციების განბლოკვის საკითხები სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში განიხილება და მზად ვართ, მთელი ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ შედეგების მისაღწევად - რა თქმა უნდა, იმის გაცნობიერებით, რომ აზერბაიჯანი, თავის მხრივ, იღწვის, მიიღოს სარკინიგზო წვდომა თავის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანს შორის», - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ასევე დაადასტურა, რომ სომხეთი განწყობილია აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მნიშვნელობის აღნიშნვის შემდეგ პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთში ტყვეებისა და სხვა დაკავებულ პირთა დაბრუნების პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები