კახეთის გუბერნატორი: „ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა“
09/09/2021 13:40:36 სამართალი
„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა“ – ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა.
„მძევალი უკვე აღარ ჰყავს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხას იძახის. ისე, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სამართალდამცველებსა და მას შორის. ვნახოთ შედეგი, დაველოდოთ შედეგს. მარტო არის ახლა ბანკში თავად. ჯერ არაფერს ამბობს, მოლაპარაკება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა.
ყვარელში საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს.


