ვინ არის პირი, რომელმაც ბანკში მძევლები აიყვანა [ფოტო]
09/09/2021 17:01:00 სამართალი
„კურიერის “ ინფორმაციით, პირი, რომელმაც დღეს „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში მძევლები აიყვანა, შალვა მელიქიშვილია.

მანამდე შს მინისტრმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი საქართველოს მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული 1972 წელს არის დაბადებული. ცხოვრობდა თელავში და მუშაობდა მზარეულად.
თავდამსხმელი ბანკში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და როგორც შსს–ს ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, თავდამსხმელს მძევლად 13 პირი ჰყავდა აყვანილი. მძევლებთან დაკავშირებით დღის განმავლობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა.
ამასთან, ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულს ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.
ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.


