ხადის ხეობაში გვირაბის მშენებლობა დაიწყეს

10-09-2021 16:40:31 რეგიონები

ხადის ხეობაში დაგეგმილი მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გვირაბი სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, ის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

უწყების ცნობით, ქვეშეთი-კობის 23 კმ.-იანი გზისა და 9 კმ.-იანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9კმ. სიგრძისა და 15მ. დიამეტრის გვირაბის მშენებლობა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ.-ია, ხოლო ახალი გზის სიგრძე 23 კმ. იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შეამცირებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

პროექტს ჰყავდა მოწინააღმდეგეები სხვადასხვა არგუმენტით, მათ შორის, ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება. მათი აზრით, რისკების გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შერჩეულიყო.

ამასთან, Icomos-ის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეში არსებული ძეგლების ჩამონათვალია მოცემული. ანგარიშში ასახულია 2016-2019 წლებში მსოფლიოს 23 ქვეყნის საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლები, მათ შორის – საქართველოდან. ესენია: ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადის ხეობა და დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი:

„უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ეკლესიები, კოშკები და სხვა ნაგებობები (მე-9, მე-10, მე-18 და მე-19 სს) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სერიოზულ მოვლას საჭიროებს.

შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ისტორიული შენობების ერთი ჯგუფი დაგეგმილი სამშენებლო ზონიდან მხოლოდ 50 მეტრითაა დაშორებული, რაც მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს”, – ვკითხულობთ Icomos-ის ანგარიშში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები