მედიით ვრცელდება დოკუმენტები სასულიერო პირების სავარაუდო მიყურადების შესახებ

13-09-2021 14:26:17 სამართალი

მედია ავრცელებს დოკუმენტებს, რომლებშიც ფარულ თვალთვალზეა საუბარი. მედიასაშუალებების ცნობით, ჩანაწერები ღია ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა და ის შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

მედია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, ვინადან გავრცელებული დოუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას:

„ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის... ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“.

თეოლოგთა ნაწილს დოკუმენტების ავთენტურობაში ეჭვი არ შეაქვს, რადგან გამოქვეყნებული მასალა შეიცავს რეალურ მონაცემებს, მმართველ პარტიაში კი დოკუმენტები ეკლესიის დისკრედიტაციის ცდელობად შეაფასეს.

„მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრედიტირებელი რაღაცა გადაცემა. ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ცდილობენ მუდმივად ეკლესიის დისკრედიტაციას. თუმცა, ეს მცდელობები არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე, როდესაც კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები ეწევიან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ისინი ამისთვის მიღებენ სათანადო პასუხს საზოგადოებისგან, პირველ რიგში, ამ არჩევნებზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პირადად არ გასცნობია გავრცელებულ მასალებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ასეთი ჩანაწერები მართლაც გავრცელდა, ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა:

„ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული მოსმენების დღევანდელი მექანიზმი“.

საპატრიარქოში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები