კალაძეს სავარაუდო თვალთვალთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს
13/09/2021 10:51:35 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ–ერთ ლიდერს, დედაქალაქის მერ კახა კალაძეს მედიის გავრცელებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებშიც სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზეა საუბარი, თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
„მახსოვს ის წლები, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ: სახლში ცოლი ქამარს, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა. თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაცეები, ძალიან ცუდია, არ მივესალმები ამას, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რომ ეს ახლა გაკეთებულია“,– განაცხადა თემის კომენტირებისას კალაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი დოკუმენტები ეკლესიის დისკრედიტაციის ცდელობად შეაფასა:
„მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრედიტირებელი რაღაცა გადაცემა. ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ცდილობენ მუდმივად ეკლესიის დისკრედიტაციას. თუმცა, ეს მცდელობები არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე, როდესაც კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები ეწევიან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ისინი ამისთვის მიღებენ სათანადო პასუხს საზოგადოებისგან, პირველ რიგში, ამ არჩევნებზე“.
ხოლო მმართველი გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტების გავრცელება "მოდელირებულ ქრონიკას" შეადარა.
„რატომაც მოდელირებული ქრონიკის გაკეთება იყო საჭირო და სჭირდებოდა ნაციონალურ მოძრაობას, სწორედ ამიტომ სჭირდება ახლა ასეთი სახის ტალახის სროლა. ეს გახლავთ ტიპური ფორმა რუსული პროპაგანდისა, როდესაც ხდება ფაბრიკაცია, რაღაც ისტორიების გამოგონება და დაბრალება. შემდეგ ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა, თითქოს ვინმეს რამე საქმე უნდა ჰქონდეს სამართლებრივად.
ეს არის პროპაგანდის სამაგალითო შემთხვევა. ამ ფაბრიკაციების უკან რაიმე მტკიცებულება არსებობს, რომელიც იქნება დამაჯერებელი? გარდა იმისა, რომ ვხედავთ რაღაც სქრინებს, ტექსტებს, აკრეფილს რომელიღაც კომპიუტერში", - ამბობს პაპუაშვილი.


