გიორგი გახარიას ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პასუხობს
13/09/2021 18:26:12 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმიანება და აღნიშნავს, რომ განცხადება, თითქოს გახარიას აქვს „უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე“, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.
„ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით, ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 –ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას, გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომელის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია. ბიუროში აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, დაუყონებლივ, ადგილზევე ხდება ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა. საკვლევ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, სპეციალური ლუქების მეშვეობით და მასზე გამოსაკვლევი პირის ხელმოწერის დატანის შემდეგ, დალუქული ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა ხდება ორ ულუფად შესაბამის ტემპერატურაზე. აღნიშნული პროცედურა ემსახურება გამოსაკვლევი პირისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, რომ სურვილის შემთხვევაში, მის მიერ მოხდეს ბიოლოგიური მასალის გადამოწმება სხვა ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადასამოწმებელი ნიმუშის გატანა გამოსაკვლევ პირს შეუძლია დაუყონებლივ, კვლევის დასრულებისთანავე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ექსპერტიზის ბიურო განმარტავს თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების შესახებ საკითხს:
„ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი".
იხილეთ ასევე: "მზადდებოდა პროვოკაცია" – გახარია ნარკოტესტს გაივლის


