ჟურნალისტებმა "სუს-ის ფაილებში" თავიანთი საუბრები აღმოაჩინეს
13/09/2021 19:06:54 სამართალი
ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ დღეს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. სუს-ის ჩანაწერებში მათი საუბრის ფრაგმენტებია ასახული. საუბარია მოცულობით ინფორმაციაზე, რმელიც ინტერნეტში აიტვირთა და რომელშიც ფარული მიყურადების დეტალებზეა საუბარი. ჩანაწერები ეხება სასულიერო პირებსაც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიების მოწოდებით გამოვდა, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ადანაშაულებს.
ვიდრე გამოძიება დაიწყება და მისი შედეგები გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, მანამდე ჟურნალისტები ადასტურებენ ფაილებში აღმოჩენილი საუბრების შინაარსის ნაწილის ავთენტურობას. კერძოდ, ჩანაწერებში მოხვდა "ფორმულას" მოქმედი ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამ ფაილში 6-ჯერ არის ნახსენები.
"მე შემიძლია დავადასტურო ამ ნაწილის ავთენტურობა იმიტომ, რომ შედგა ჩემსა და გიორგი ზვიადაძეს შორის ეს სატელეფონო საუბარი. ეს ხდებოდა ამ წლის თებერვალში, სინოდის სხდომამდე ალბათ რამდენიმე დღით ადრე. ჩვენს ეთერში გასულია ზუსტად ამ შინაარსის სატელეფონო ჩანაწერი და ზუსტად, ერთი ერთში აქვთ გაშიფრული ის დიალოგი, რაც შედგა ჩემსა და მამა გიორგი ზვიადაძეს შორის", - უთხრა ვარძელაშვილმა "ფორმულას".
3300-გვერდიან დოკუმენტში მოხვდა ჟურნალისტ გელა ბოჩიკაშვილის საუბარი საპატრიარქოსა და კავეა თბილისი მოლის პრესსამსახურებთან.
"ფრაგმენტი ჩანაწერებიდან: "მოპოვებული ინფორმაციით, შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემას" და შპს "კავეა თბილისი მოლის" წარმომადგენელმა მარგარიტა სიხარულიძემ საინფორმაციო პორტალ"on.ge"-ს ჟურნალისტთან გელა ბოჩიკაშვილთან საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კინოთეატრებში, "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის სეანსების დამატებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან"
მე ვადასტურებ. ეს არის ჩემსა და Maiko-ს შორის საუბარი.
ეს ნაწილი ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც მსგავსი ნამდვილად იყო: "საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ინტერნეტ-გამოცემა "ონ.ჯი"-ს ჟურნალისტმა გიორგი ბოჩიკაშვილმა აცნობა, რომ სოციალური ქსელებით გასაჯაროვდა 1983 წლით დათარიღებული წერილი, სადაც ილია მეორე ქქსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ სასულიერო პირების მიმართ გამოვლენილ უპატივცემულობაზე, რეაგირების მოხდენის თხოვნით მიმართავს სსრკ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოში გივი მაისურაძეს (ფაქტი ჩვენთვის ცნობილია). ჟურნალისტი დაინტერესდა რამდენად ავთენტურია ზ/ხსენებული წერილი და აპირებს თუ არა აღნიშნულზე საპატრიარქო ოფიციალური განცხადების გაკეთებას. ხსენებულზე ა.ჯაღმაიძემ განმარტა, რომ გაერკვევა საკითხში და მოგვიანებით დაუკავშირდება ჟურნალისტს", - წერს გელა ბოჩიკაშვილი.
გარდა ამისა, „მთავარი არხის“ ჟურნალიტი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ ფაილებში მისი საუბრებიცაა გამოქვეყნებული:
„ორი წლის წინ მთვრალი იაკობი
მირეკავდა ხოლმე (ალბათ, არა მხოლოდ მე ) და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა – მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა.
არასდროს მიკადრია მისი ფარულად ჩაწერა, რადგან ეთიკის დაცვა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, იაკობისნაირებთანაც კი. ხოდა, ეს საუბრებიც არის გამოქვეყნებულ მასალებში“.
იგივე დაადასტურა „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ:
"ამ ფაილებში არის ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრები, ჩემი და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის, ჩემი და მამა ანდრია სარიას, ჩემი და მეუფე ნიკოლოზის.
მამა ანდრიას ვესაუბრე whatsapp-ით. ძალიან ბევრი ჟურნალისტის საუბრებია ამ ფაილებში, მათ შორის ჩემიც, დაურეკე კომენტარი გვინდა თქო". "მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ნდობით აღჭურვილ სასულიერო პირს, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ტელეკომპანია ,,ტვ პირველის" ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ აცნობა, რომ მ/წლის 25 სექტემბერს ჭყონდიდობის დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდგომ, ამბიონიდან მრევლს მიმართა ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაია ჭანტურიამ, რა დროსაც შეეხო პ.ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწეობას და შეაფასა დადებითად. ნ.მელაძის თქმით, ფაქტმა გამოიწვია ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის აღშფოთება, რომელმაც ი.ჭანტურია ამბიონიდან ჩამოიყვანა იძულებით და მათ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება".
ფაილებში საკუთარი საუბრის ჩანაწერები იპოვა "ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა ლევან სუთიძემაც.
ის ამბობს, რომ აღწერილი საუბრები ძირითადად სატელეფონოა და არ არის დარწმუნებული, რომ მისი სოციალური ქსელები გატეხეს:
"მეც შემიძლია დავადასტურო, რომ ფაილების ნაწილში რამდენჯერმე ჩემი სახელი ისერჩება და, მათ შორის, აღწერილია საუბარი ჩემს ერთ-ერთ ახლობელთან, საქართველოს ეკლესიაში. სახელსა და გვარს მაინც არ დავწერ, მაგრამ არაფერი ისეთი - ღია ხაზზე ვსაუბრობდით.
ეს საუბრები მართლაც შედგა - პრობლემა ის არის, რომ აზრი მაინც ვერ გამოიტანეს რას ვამბობდით და ბრიფი შედგენილია მეოთხეკლასელის ტვინით. დიახ, ბრიფია შედგენილი, რომ იმან მე რაღაც პოსტზე რაღაც მითხრა და მე რაღაც ვუთხარი.
ამას გარდა, სავარაუდოდ არის ცნობა ერთ სასულიერო პირზე, რომელიც მათი აზრით ცნობებს მაწვდის "სოციალური ქსელის მეშვეობით" - აქაც, ტელეფონზეც განგვიხილია ეს და დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩეტი გატეხეს.
უნდა ვაღიარო, რომ ათობით სასულიერო პირთან ვცვლი კომუნიკაციას.
ამას გარდა, ერთ-ერთ აღწერილობაში ისერჩება, რომ ვიღაც მორჩილს ჰქონდა ჩემთან "ინტიმური ურთიერთობა" - არ ვიცი აქ სექსი იგულისხმება თუ არა, თუ კი, სრული ბულშითია. თუ არა, პირადი და ახლო ურთიერთობა რა თქმა უნდა მქონდეს, საერთო წრე გვყავს და ეს მაეჭვებს - ამის იდენტიფიცირება მობილურით მოხდა თუ ჭორების საფუძველზე. ბევრი ისეთი ინფორმაციაა, რომელიც ეკლესიის გაშუქების ჩემი 11 წლიანი გამოცდილებით, არის სრული მონაჩმახი.
მოკლედ, პირად მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ აქედან უფრო მეტად იმის გაგებაა შესაძლებელი რა დღეშია სახელმწიფო და სუს-ი, ვიდრე იმის, რა ხდება ეკლესიაში.
ტოტალიტარული კლიმატია ქვეყანაში, მაგრამ საბოლოოდ სისტემა დგას ოროსნებზე, რომელთაც აზრის გამოტანა არ შეუძლიათ".


