რომელ ვაქცინებში არ განიხილავენ "ბუსტერის" აუცილებლობას

14-09-2021 13:08:23 ეს საინტერესოა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ვაქცინის მესამე დოზის დამატებაზე მსჯელობა სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.

ივანე ჩხაიძის თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენება მეორე დოზის გაკეთების შემდეგ დაახლოებით, 8 თვის შემდეგაა რეკომენდებული.

„ყველა გათვლით, ნებისმიერი ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, "ბუსტერ დოზა" ძალიან ადრეა. გარდა ამისა, აღვნიშნავ, რომ "ბუსტერის" შესახებ ინფორმაცია ძირითადად „ფაიზერის“ მწარმოებლები განიხილავენ და ისიც 8-თვიანი პერიოდის შემდეგ. , „ასტრაზენეკა“ საერთოდ არ განიხილავს მის აუცილებლობას. ასე, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ბუსტერის აუცილებლობა არ გვაქვს.

ჩვენთვის ახლა ყველა ვაქცინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ძალიან გვჭირდება ორჯერადი ვაქცინაციის მაღალი პროცენტის მიღწევა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ჩხაიძე ამბობს იმასაც, რომ ქვეყნის მოსახლეობის 40% მაინც უნდა იყოს ორჯერადად ვაქცინირებული "ბუსტერზე" საუბრის დაწყებისთვის.

ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 21%–ია აცრილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამავე თემაზე საუბრისას ამბობს, ვაქცინის ბუსტერი რაღაც ეტაპზე ყველას დასჭირდება.

„ჯანმო ამბობს და მე სრულად ვიზიარებ, რომ გარკვეული პროცენტი უნდა იყოს. "ბუსტერს" ზოგადად აკეთებენ 6, 8 ან 10 თვის თავზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ბუსტერი" რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება“.

გარდა ამისა, ვაქცინაციაზე საუბრისას ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზის გაკეთების შემდეგ გარკვეული რაოდენობის მიოკარდიტის შემთხვევები დაფიქსირდა ახალგაზრდებში.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, მიოკარდიტი არის გულის კუნთის ანთება, რომელიც ხშირად ვითარდება ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის:

„ფაიზერის“ მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდებში გარკვეული რაოდენობის მიოკარდიტის შემთხვევები დაფიქსირდა, ეს რაოდენობა არის 90-95 შემთხვევა ერთ მილიონ ვაქცინირებულზე და 11-15 შემთხვევა ერთ მილიონ ვაქცინირებულზე გოგონებში, თუმცა ყველა შემთხვევა დაექვემდებარა მარტივ მკურნალობას. მიოკარდიტი არის გულის კუნთის ანთება, რომელიც ხშირად ვითარდება ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ. ეს გართულება ისეთივე გართულების კატეგორიაში შედის, რომელიც ვაქცინის გაკეთებისას ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი, მაგრამ არ არის სიცოცხლისთვის საშიში“.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდათ სერიოზული გვერდითი რეაქცია, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა ჩაიტარონ სხვა ტიპის ვაქცინით:

„ორი სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება ზრდის ანტისხეულების ანუ დაცვითი ძალის მაჩვენებელს, შესაძლოა, გვერდითი მოვლენების სპექტრი გაიზარდოს, მაგრამ არა სიმძიმე, პირიქით, ბევრი ქვეყანა მიზანმიმართულად ახორციელებს სხვადასხვა ვაქცინით აცრას. მიღებული პრაქტიკაა, თუ ნებისმიერი ვაქცინის პირველ დოზაზე პირს უფიქსირდება გართულება და რაც მთავარია, სამედიცინო მხრიდან ეს შეფასებულია ვაქცინის შემდგომ გართულებად, მას აქვს საშუალება, წერილით მიმართოს ჯანმრთელობის სამინისტროს, განვიხილავთ და მივცემთ თანხმობას ან – არა“.

მან ბავშვებში ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტექნიკურ მრჩეველთა იმუნიზაციის ჯგუფს მზად აქვს რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად.

მისივე თქმით, რეკომენდაცია გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დაიწყოს მხოლოდ შერჩევის საფუძველზე, რაც მოიაზრებს აცრის ჩატარებას მხოლოდ და მხოლოდ რისკჯგუფებში.

როგორც ივანე ჩხაიძემ საკითხზე საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას თუ შეცვლის ან მეტი კვლევა დაგროვდება, შესაძლოა, ბავშვებში ვაქცინაცია დაიწყოს შერჩევითი მიდგომის გარეშეც სხვა ასაკობრივ ჯგუფში.

რაც შეეხება ორსულთა ვაქცინაციას, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ორსულების ჯგუფი არის პრიორიტეტული და პირველ რიგში, მათი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს.

„როგორც გრიპის, ისე კოვიდის ვაქცინის შემთხვევაში, ორსულები რისკის ჯგუფებად არიან დასახელებული. შესაბამისად, ორსულების ჯგუფი არის პრიორიტეტული და პირველ რიგში, მათი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები