ISFED: "ქართული ოცნების" წინააღმდეგ 20 გვერდი ორგანიზებულად მოქმედებდა, ოპოზიციის წინააღმდეგ - 25

14-09-2021 15:00:01 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღწერილია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ და ღია გვერდებზე დაკვირვების შედეგები და სხვა ტენდენციები. გაანალიზებულია პერიოდი 2021 წლის 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით. ანალიზისთვის დეტალურად შეისწავლეს 1 126 პოსტი.

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების კამპანიის ფარგლებში აქტიური იყო არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკური პარტიის 263 ოფიციალური, ორგანიზაციული Facebook–გვერდი და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის გვერდი. მათ შორის, „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შექმნილ გვერდს „სინამდვილეში“, რომლის აღწერილობის მიხედვით, გვერდის მიზანია პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული სიახლეების გადამოწმება.

ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდებზე ძირითადად, ვრცელდებოდა თვითმმართველობის საქმიანობის ამსახველი პოსტები, გვერდების უმრავლესობაზე არ ქვეყნდებოდა პარტიის აღმნიშვნელი მასალა, მაგრამ აქტიურად ზიარდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტები. ამასთან, მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატების ნაწილი მოქმედი თანამდებობის პირები არიან და შესაბამისად, მათი აქტივობა შუქდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობების ფეისბუქ-გვერდებზე, რაც სხვა კანდიდატებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ.

მონიტორინგის პერიოდში 29 მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდა 52 საჯარო მოხელე, რომლებმაც 2-22 აგვისტოს პერიოდში, სამუშაო საათებში გამოაქვეყნეს ჯამში, 118 სააგიტაციო პოსტი. სამუშაო დროს პოსტების უმრავლესობა „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ გამოქვეყნდა.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით:

  • პარტია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ორგანიზებულად მოქმედებდა 20 გვერდი. დისკრედიტაციული გვერდების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდნენ: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი. წულუკიანი სექსისტური თავდასხმის სამიზნეც გახდა. გვერდების ნაწილზე ვრცელდებოდა გიორგი გახარიას მადისკრედიტირებელი პოსტებიც, რომლებშიც ის ბიძინა ივანიშვილის მართულ პოლიტიკოსად იყო წარმოჩენილი. მსგავსი გზავნილით ხასიათდებოდნენ გიორგი ვაშაძე და ალეკო ელისაშვილიც. ასეთი გვერდების ნაწილი იმავდროულად აქვეყნებდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ პოსტებსაც.
  • ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 25 გვერდი მოქმედებდა. მთავარ სამიზნეს წარმოადგენდნენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია და ანზორ მელია. სექსისტური შინაარსის დისკრედიტაციის სამიზნეები გახდნენ სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა.
  • ანონიმური გვერდების ნაწილი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. მათგან, 23 გვერდი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აქტიურობდა, 25 გვერდი კი ოპოზიციურ პარტიებს უჭერდა მხარს. მათგან, 13 გვერდი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა, ოთხი გვერდი, წინასაარჩევნოდ, გიორგი გახარიას სასარგებლოდ მოქმედებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები