
"მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პროკურატურასთან" – სუს–ი "ფაილების" საქმეს ეხმიანება
14/09/2021 13:02:28 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "სუს–ის ფაილების" გავრცელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მზადაა, გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლოს პროკურატურასთან. საუბარია ასობით ფაილზე, რომელიც ღია სივრცეში აიტვირთა და რომელშიც მათ შორის, სასულიერო პირების მიყურადებასა და თვალთვალის შედეგებზეა საუბარი. ჩანაწერები 2012 წლის შემდეგომი პერიოდით თარიღდება. პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
ჩანაწერების ათენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის, გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას“,- ნათქვამია განცადებაში.