
BBC: "თალიბანის" ხელმძღვანელებს შორის სერიოზული კონფლიქტია
15/09/2021 06:31:01 მსოფლიო
"თალიბანის" ხელმძღვანელებს შორის სერიოზული კონფლიქტია,– იუწყება BBC წყაროებზე დაყრდნობით, მათ შორის, მოძრაობის მაღალჩინოსნებიდან.
მედიასაშუალება წერს, რომ გასულ კვირაში, ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ თათბირზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "თალიბანის" ერთ-ერთი დამაარსებელი აბდულ ღანი ბარადარი და დევნილთა საქმეების მინისტრი ხალილ რაჰმან ჰაკანი და მათი მომხრეები. კონფლიქტის საბაბი იყო ავღანეთის ახალი მთავრობის სტრუქტურით ბარადარის უკმაყოფილება, თუმცა, რეალურ მიზეზად სახელდება დავა იმის შესახებ, თუ ვინ არის თალიბთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი. ბარადარი მიიჩნევს, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში "თალიბანის" დაბრუნება მათი დამსახურებაა, ვინც მოლაპარაკებებსა და დიპლომატიაში იყო ჩართული, „ჰაკანის ჯგუფი“ კი აცხადებს, რომ ყველაფერი სამხედრო წარმატებამ გადაწყვიტა.
"თალიბანი" დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა, მოლა ბარადარის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებს ავრცელებს. თალიბთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯერ განაცხადა, რომ ბარადარი ყანდაარში გაემგზავრა მოძრაობის უმაღლეს ლიდერთან შესახვედრად, თუმცა, შემდეგ BBC-ს უთხრა, რომ ბარადარი დაღლილია და დასვენება სჭირდება.
თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.