პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

15-09-2021 11:33:30 საზოგადოება ,რეკლამა

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. პროგრამაში ჩართვის მსურველების რეგისტრაცია 15 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა ამ თვის ბოლოს დაიწყო.

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები არანაკლებ ერთთვიანია. კურსის გავლა შესაძლებელია პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილ, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნად პროფესიებში. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა. პროგრამაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სულ 11 სასწავლებელი, სამ ტერიტორიულ ერთეულზე - ქ.თბილისში, იმერეთსა (ქ. ქუთაისი და ქ. საჩხერე) და ქვემო ქართლის რეგიონში (ქ. რუსთავი და ქ. მარნეული).

კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე (16 წლიდან) საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოში და თანახმა არიან ჩაერთონ კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში.

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, მათი მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია დამატებითი ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი). სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს: შშმ პირებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს და სხვა.პროგრამაში ჩართვის მიზნით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება (სმს) პროგრამის დაწყების შესახებ.

დაინტერესებულმა სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) ან დიპლომი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამების შესახებ იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3lrE0hh

ახალი ამბები

სხვა სიახლეები