Accentnews.ge
მოსკოვი სოხუმთან "საზღვრის" დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს განიხილავს

მოსკოვი სოხუმთან "საზღვრის" დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს განიხილავს

15/09/2021 08:51:10 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთს მორიგი რუსული დელეგაცია სტუმრობს, ამჯერად - "საზღვრის" დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხების გადასაჭრელად.

ოპოზიციურმა "აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ" დღეს განცხადება გაავრცელა და მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას, შესაბამისი ერთობლივი კომისიის სხდომების საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ ჩატარება უზრუნველყოს.

«ეს საკითხები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად და სრულად მოახდინოს კომისიის მუშაობისა და გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მით უფრო - იმის გათვალისწინებით, რაოდენ სენსიტიურია ეს თემები ჩვენი ხალხისათვის და რაოდენ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს" - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: რუსეთი ბიჭვინთის მთელს აღმოსავლეთ ნაწილს 1 რუბლად ისაკუთრებს

ცნობისთვის: 2019 წელს რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა სოხუმს საზღვაო სივრცეების გამიჯნვის შესახებ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა – «რაკი სახმელეთო საზღვართან მიმართებაში საკითხების გადაჭრა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდებოდა». იმავე პერიოდში «Эхо Кавказа»-სთან საუბრისას "ელჩმა" დაადასტურა, რომ ვერ ხერხდებოდა, კერძოდ, შეთანხმების მიღწევა გაგრის რაიონის მაღალმთიან სოფელ აიბღაზე.

2020 წლის ნოემბერში აიბღასა და რუსული ადლერის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობამ აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და "ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად" შეფასდა.

წელს კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა აიბღა ოფიციალურად საბოლოოდ გაიფორმა.

თბილისმა მოსკოვის ეს ნაბიჯი "რუსული ანექსიის ნათელ მაგალითად" შეაფასა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S