ღარიბაშვილმა "სუს–ის ფაილების" კონტექსტში გახარიასა და ხოჯევანიშვილზე მიანიშნა

15-09-2021 13:13:24 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "სუს–ის ფაილებთან" დაკავშირებით, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, ურთიერგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. კერძოდ, პრემიერი ერთის მხრივ, მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ამბობს, „ყველაფერი გამიზნულია არჩევნების მეორე დღისთვის. სახელმწიფო არავითარ პროვოკაციას არ დაუშვებს. ჩვენი ეკლესიის მტრებს ძალიან მკაცრ პასუხს გავცემთ“:

„მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს პრიმიტიული შეფასებაა. ნაცმოძრაობის, სააკაშვილის (სამწუხაროდ, სხვა მოღალატეებიც შეუერთდნენ ამ გუნდს), ხელწერაა ფალსიფიკაცია“.

მეორეს მხრივ, ღარიბაშვილი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც დაადგენს, „ეს არის ფალსიფიკაცია, თუ კიდევ უფრო სხვა მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“:

"მიმდინარეობს გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმასაც, რომ თეორიულად ხომ არ არის გამორიცხული ან შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათა შორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს, წვდომა ჰქონდათ, მათ შორის მოსმენების სამსახურთან".

ღარიბაშვილის მიერ ხსენებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს შსს–სა და სუს–ში საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა, ამბობს, ბოროტების ტირაჟირებას ქართველი ხალხი არჩევნებზე გასცემს პასუხს.

ხოჯევანიშვილის თქმით, ხელისუფლება სრულ აგონიაშია და მათი ნებისმიერი გადაწყვეტიება შიშზეა დაფუძნებული:

„საერთოდ გასარკვევია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ამ ჩანაწერების გამოტანა და რამდენად ავთენტურია. ეს ობიექტურმა გამოძიებამ უნდა დაადინოს. რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, მსგავსი აქამდეც მოვისმინეთ, სამწუხარდ, შეიძლება, ამის შემდეგაც მოვისმინოთ, მაგრამ ზოგადად, უღირს ადამიანებს ხშირად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტურაჟირება“.

თემასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ, რომელიც სხვადასხვა დროს ასევე მუშაობდა შსს–სა და სუს–ში, 14 სექტემბერს „პალისტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ გადაბრალების რეჟიმშია:

„ქართულ ოცნებასთნ“ აფილირებული პირები, ე.წ ექსპერტები (რომლებიც ორკესტრირებული მანქანაა პარტიის ხელში) „ტვ იმედის“ მეშვეობით ბედავენ და ამ მასალებთან დაკავშირებით სამ გვარს ახსენებენ, მათ შორის, ჩემსას. ამ ადამიანებს და პარტიის ე.წ. ლიდერებს მინდა, ვუთხრა, პირი გამოირეცხონ, როდესაც ჩემს და იმ ორი ადამიანის გვარებს ასახელებენ. ისინი არიან ღირსეული ოფიცრები, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ სახემწიფოს ინტერესებზე, ისევე, როგორც მე და მათგან განსხვავებით, ღირსება არასოდეს დაგვიკარგავს, რომ პოლიტიკურ კონტექსტში რაღაც დივიდენდები მიგვეღო. უსაფრთხოების სამსახურში ყოველთვის მაგალითი ვიყავი, როგორ უნდა დაიცვა უსაფრთხოების სისტემა და სახელმწიფო ინტერესები შიგნიდან და გარედან, როდესაც ეომები რუსეთს. ამიტომ, როდესაც ჩვენს გვარებს ახსენებენ, ეს კარგად გაიხსენონ“.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთონ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება მედიაში გავრცელებული ჩანაწერების თემას. ცალსახაა, რომ ამ უმძიმეს ფაქტს სჭირდება არა ბრიფინგებზე ვარაუდების გამოთქმა, რაც უკვე თვალსაჩინოს ხდის ხელისუფლების მიზნებს, არამედ უსწრაფესი, ობიექტური გამოძიება. ვითარების სიმწვავე ყველას გვაკისრებს ვალდებულებას, თვალი გავუსწოროთ პრობლემას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში და როგორც ვხედავთ, ამ დრომდე უმძიმეს პრობლემად რჩება.

ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ ამ მასალების ავთენტურობაზე ან არაავთენტურობაზე, თუმცა ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია ის, რაც ხდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ოცნების“ მმართველობის დროს მიღწეულ როგორც წარმატებებზე, ასევე წარუმატებლობებზე და „ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, იმაზეც, რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც რეფორმების კუთხით ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, ამგვარი მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელ და სამუდამოდ მოღებოდა ბოლო. თუმცა ის, რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მიუღებელია და ამის ჩამდენმა პირებმა პასუხი უნდა აგონ კანონის მთელი სიმკაცრით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ, „ოცნების“ ე.წ. ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის პირდაპირი სამიზნე და ყოველდღიურად ხორციელდება მძიმე ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, მიგვაჩნია, გვერდზე უნდა გადაიდოს პარტიათა პოლიტიკური ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური – წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებასთან, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, ასევე, მიმართულია ქართული ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.

ამიტომ, მივმართავთ თხოვნით ქართულ მედიასაშუალებებს, არ მოახდინონ ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც შეიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას. ცალსახაა, რომ არსებობს უკიდურესი აუცილებლობა ამ უმძიმეს ფაქტს, ნაცვლად უპასუხისმგებლო ტყუილებისა, უმოკლეს ვადებში პასუხი გაეცეს ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიებით. „ოცნების“ ხელმძღვანელთა რეაქციები, მათ შორის განცხადებები, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების უტიფრად დადანაშაულებას, ნათალად წარმოაჩენს იმ მძიმე რეალობას, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. აშკაარაა, რომ „ოცნება“ ისევ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და მათ ინტერესებში არ შედის დადგინდეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, ერთი მხრივ, მოვითხოვთ, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთონ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. მეორე მხრივ კი, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში მოვითხოვთ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ბინძური, მანკიერი პრაქტიკა და საქართველო უნდა გახდეს ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა ბექა ლილაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა ასეულობით ფაილი, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.

ჩანაწერების ავთენტურობა რიგმა ფიგურანტებმა დაადასტურეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები