
TDI სუს-ის რეფორმირებს აუციელებლობაზე საუბრობს
15/09/2021 11:01:20 პოლიტიკა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) "სუს-ის ფაილებთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი და უკანონო მოსმენა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს და სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს.
ორგანიციაში მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში სუს-ის რეფორმა აუციელებლია.
"უახლოეს მომავალში აუცილებელია, განხორციელდეს სუს-ის ინსტიტუციური რეფორმა და მის მთავარ ფუნქციად განისაზღვროს კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული საქმიანობა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. სუს-ის რეფორმა უნდა მოიცავდეს სამსახურის ეფექტიანი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების კომპონენტს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის რისკებს", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებულმა მასალებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება, სუს-ის მეშვეობით, აკონტროლებს და უთვალთვალებს საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ჯგუფის წარმომადგენელს.
"13 სექტემბერს მედიასა და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის ფაქტების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა.
ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, უკანონო მოსმენა, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალების მოპოვება და დამუშავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელჰყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას და სახელწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს.
გასაჯაროებული ინფორმაციით ხელისუფლება უსმენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, რელიგიურ გაერთიანებებს - როგორც საპატრიარქოს, ასევე არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს, აგროვებს და ინახავს მათ პირად საუბრებს, მიმოწერას, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას. მასალები შეიცავს ადამიანების პირადი ცხოვრების, მათი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ ამ დრომდე გავრცელებულ ფაილებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ აუღია.
"ხელისუფლებას ამ დრომდე არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა უპრეცედენტო მასშტაბის მასობრივ უკანონო მიყურადებაზე, თვალთვალზე, შანტაჟზე - მოქალაქეების ფარულ კონტროლზე. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არ გაკეთებულა არცერთი განცხადება, რომელიც ადეკვატურად შეაფასებდა საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. ამგვარი ხელისუფლება აღარ იმსახურებს მოქალაქეების ნდობას", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა ასეულობით ფაილი, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.
ჩანაწერების ავთენტურობა რიგმა ფიგურანტებმა დაადასტურეს.