კადიროვი ზაკაევს ანგარიშსწორებით დაემუქრა

15-09-2021 18:30:37 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი იჩქერიის ექს-ვიცე-პრემიერსა და ყოფილ საველე მეთაურ ახმედ ზაკაევს "დაწვით" დაემუქრა. ამ მუქარამ ინსტაგრამის ეთერში გაიჟღერა.

"თუ კიდევ ერთხელ ახსენებ მამაჩემის სახელს, ნახავ, რაც მოჰყვება ამას. სულ რომ მსოფლიო აყირავდეს, გადაგწვავ და გადაგბუგავ", – განაცხადა ზაკაევის მისამართით კადიროვმა.

ამასთან, მან ზაკაევი ჩეჩნეთში სამუდამოდ დაბრუნების შესახებ დანაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი კრიტიკოსები თავად აიძულებენ, ემუქროთ, რათა შემდეგ ამ მუქარის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვონ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრიტანეთში მცხოვრები ახმედ ზაკაევის მიმართ რამზან კადიროვის მუქარის პირველი შემთხვევა არ არის.

იმავე ინსტაგრამ-ეთერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა იჩქერიის პრეზიდენტის - კრემლის მიერ მოკლული ასლან მასხადოვის ვაჟს, ამჟამად ნორვეგიაში მცოვრებ ანზორ მასხადოვს სამშობლოში დაბრუნება და "გროზნოს ცენტრში თავის აფეთქება" შესთავაზა - "საკუთარი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად".

გასული წლის აგვისტოში ანზორ მასხადოვმა მედიას ჩეჩნეთში მისი ნათესავების მიმართ ზეწოლის შესახებ უამბო და განაცხადა, რომ "კადიროველების" მორიგი პრესინგის შემდეგ მოხუცი ბიძა გარდაეცვალა. ზეწოლას მასხადოვი ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ თავის კრიტიკულ გამონათქვამებს უკავშირებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები