ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
16/09/2021 06:00:00 სამართალი
თბილისში, ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 20 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა.
20 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
თვითმხილველების თქმით, დაჭრილი საავადმყოფოში კერძო ავტომობილით მიიყვანეს. გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მომხდარს სოციალურ ქსელში ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე ეხმაურება.

„ნიკო 2019 წელს გავიცანი, როცა ევროპული განათლება-მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია – feeds შექმნა.
მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი, ბოლოს მაინც, – სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-მეთქი. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს და 8 ტყვია დააცალეს!
ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ, ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან – ასეთ ნიკოს“, – წერს ნინო ზამბახიძე.


