
აიბღას შემდეგ — გუდაუთის შელფიც: «რუსები აფხაზეთის ტერიტორიას თვითნებურად გვიმცირებენ… ამ ყველაფერს დაპყრობის სუნი ასდის!»
16/09/2021 15:53:19 კონფლიქტები
სექტემბრის დასაწყისში აფხაზეთს საკმაოდ შთამბეჭდავი რუსული დელეგაცია სტუმრობდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანს, ოფიციალური ინფორმაციით, იმ სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერება წარმოადგენდა, რომელთა აღდგენაც «აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი საინვესტიციო პროგრამის» სახსრებით მიმდინარეობს.
როგორც წესი, რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტებს არა მარტო აფხაზური, არამედ რუსული მედიაც აანონსებს და სიამოვნებით უსვამს ხაზს მათ მიერ განსახილველი საკითხების მნიშვნელობას. მაგრამ ამჯერად ამ ვიზიტის შესახებ აფხაზურმა საზოგადოებამ ერთ-ერთ სოცქსელში ეკონომიკის მინისტრის პუბლიკაციის წყალობით შეიტყო. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის მაცხოვრებლები «საიდუმლო» ვიზიტით აღშფოთდნენ და აფხაზეთის ხელისუფლებას მოლაპარაკებების ხალხისგან მალულად ჩატარებაში დასდეს ბრალი, შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა საინფორმაციო რესურსებმაც იკადრეს.
ასლან ბჟანიას ადმინისტრაციამ რუსული დელეგაციის იდუმალებით მოცული ვიზიტის ცოტა მეტი დეტალი გაამხილა, დაწერა რა, რომ «შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთელ რიგ გადასაჭრელ პრობლემებს, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ელექტროენერგეტიკა, წყალმომარაგება და კანალიზაცია, აეროპორტის აღდგენა/ექსპლუატაციაში შეყვანა, რკინიგზა, საზღვაო კავშირი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება, ქრისტიანული კულტურის ცალკეული ძეგლების აღდგენა, ასევე საგადასახადო სფეროსთან, სახელმწიფო საზღვარზე მუშაობის რეჟიმთან დაკავშირებული და რიგი სხვა საკითხები».
ყველა ეს თემა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩთან და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკთან აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ, პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალხას კვიცინიამ, პირველმა ვიცე-პრემიერმა/სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ, ვიცე-პრემიერმა/ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვალერი პაპბამ განიხილეს. დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავი შემადგენლობაა აფხაზი ჩინოსნებისა, რომელთა ნაწილმაც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შვებულება შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრები სექტემბრის დასაწყისში იმართებოდა. და მხოლოდ ორი კვირის შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში ოპოზიციური «აფხაზეთის სახალხო მოძრაობის» გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ჩასული რუსული დელეგაცია რეალურად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ერთობლივი კომისიის სხდომას მართავდა.
«ამჟამად კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, განიხილება ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ერთობლივი კომისიის მუშაობის გამჭვირვალეობა და საზოგადოების ინფორმირება უზრუნველჰყოს, რადგან ტერიტორიების კუთვნილება ძალზე სენსიტიური თემაა ჩვენი ხალხისათვის», - ნათქვამია «აფხაზეთის სახალხო მოძრაობის» განცხადებაში.
არაოფიციალური წყაროებიდან შევძელით იმის გარკვევაც, რომ ტერიტორიული პრეტენზიების წაყენების გარდა, რუსმა ჩინოსნებმა აფხაზეთის ხელისუფლებას დაჟინებით «ურჩიეს» ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა. გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს რუსეთს ამ სრულიად შიდა აფხაზურ საკითხთან და რატომ ცდილობს მოსკოვი ესოდენ ენერგილად ჩაბმას მის განხილასა და შედეგების განსაზღვრაში. კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ მსჯელობენ რუსები ამ საკითხზე საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის სხდომაზე.
«ის, რომ რუსებმა ჩვენს ენერგეტიკას დაადეს თათი, უკვე ყველასთვის ნათელია. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ოფიციალურად ხომ ენერგოდარგი ჯერ კიდევ აფხაზეთს ეკუთვნის! მაშ საერთოდ რატომ ესაუბრება ჩვენი ხელისუფლება ამ თემაზე რუსებს?! იქნებ, საქმე იმაშია, რომ უკვე მიღებული აქვს რაღაც გადაწყვეტილება, ჩვენ კი — მოსახლეობამ ამის შესახებ ჯერ არ ვიცით? ალბათ, როგორც ყოველთვის, დაავიწყდათ ხალხის ინფორმირება! სხვაგვარად როგორ ავხსნათ, რომ რუსები ტარიფიკაციის საკითხებს განიხილავენ იმ აფხაზურ დარგში, რომელთანაც არანაირი კავშირი არ აქვთ?», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ვალერი.
ანალოგიური მოსაზრება აქვს Facebook-ის აფხაზური სეგმენტის მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს. ისინი ამ თემაზე ხელისუფლებას უამრავი კითხვით მიმართავენ და ყოველდღიურ ონლაინ-გამოკითხვებსაც კი აწყობენ.
როგორც ისევ და ისევ არაოფიციალური წყაროებიდანაა ცნობილი, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიას აფხაზეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ხელმძღვანელობს. თუმცა დიმიტრი ვოლვაჩსა და ევგენი გრაბჩაკთან შეხვედრას ის რატომღაც არ ესწრებოდა. დასაბამიდან კომისიამ სულ ორიოდე შეხვედრა გამართა და რაიმე კომპრომისის მიღწევა მხარეებმა ვერ მოახერხეს. რუსეთი აცხადებდა, რომ აიბღა მისი ტერიტორია იყო და აფხაზეთს, თუკი ამას არ დასთანხმდებოდა, ათასგვარი სასჯელით ემუქრებოდა. ასე იყო რუსული დელეგაციის ბოლო ვიზიტამდე. ამჯერად კი რუსმა ჩინოსნებმა ახალი მოთხოვნები წამოაყენეს: საუბარია უკვე არა მარტო აიბღაზე, არამედ საზღვაო საზღვრებზეც, კერძოდ, გუდაუთის შელფზე.
«როცა რუსებმა აიბღაზე პირველად წამოიწყეს საუბარი, ჩვენებმა შთამბეჭდავი კომისია შექმნეს, რომელსაც ეს საკითხი უნდა გადაეჭრა. მათ თითქოს მრავალი წლის განმავლობაში იმუშავეს, მაგრამ ვერავითარ გადაწყვეტლებამდე ვერ მივიდნენ. კომისიის წევრებმა რუსებს ისიც კი ვერ გაუჟღერეს, რომ აფხაზეთის ტერიტორია ხელშეუხებელია და რუსეთი ჩვენი მიწის ვერც ერთ გოჯს ვერ მიიღებს. მაშინ ჩვენები შეშინდნენ, რუსები კი, ცხადია, გათავხედდნენ და ახლა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი მიწის წართმევა გადაწყვიტეს. როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის!», - თვლის ჩვენი რესპონდენტი ლარისა.
მისი აზრით, თავად ის ფაქტი, რომ რუსები აფხაზ ჩინოსნებთან სახელმწიფო საზღვრის გადახედვის საკითხებს მალულად განიხილავენ, უკვე ცუდის ნიშანია. «რა საჭიროა იმის განხილვა, რაც უკვე დადგენილია?! ჩვენი სახელმწიფოს საზღვრები დიდი ხანია, განისაზღვრა და შეცვლას არ ექვემდებარება. მაშ რა საჭიროა ეს გაურკვეველი ფარული მოლაპარაკებები? როგორც ჩანს, რუსეთს სურს, აფხაზეთის ტერიტორია თვითნებურად შეამციროს. ასე უნდა იქცეოდეს მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე?! ამ ყველაფერს დაპყრობის სუნი ასდის», - თვლის ლარისა.
აფხაზური სახელმწიფოს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში არსებულ კოლაფსს ჩვენი თანამოსაუბრეების უმრავლესობა რუსეთის პოლიტიკას უკავშირებს: მოსკოვმა ზეწოლის მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აამოქმედა აფხაზეთის ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად. აქ უნებლიედ გახსენდება რუსების მუქარა: თუ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ზაფხულის შუა პერიოდამდე კრემლის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აფხაზეთში ჯოჯოხეთს მოგიწყობთო.
«რუსები, როგორც ჩანს, სიტყვიერი მუქარიდან საქმეზე გადავიდნენ. სხვა როგორ ავხსნათ საზღვარზე არსებული განუკითხაობა, საიდუმლო მოლაპარაკებები საზღვრების გადასახედად, ჩარევა აფხაზეთის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში?! სულ ვამბობდი, რომ ოდესმე რუსებისთვის ანგარიშის გასწორება მოგვიწევდა. აგერ, ბატონო, ანგარიშსწორება სამშობლოს დათნობით გვიწევს! საოცარია, რომ ამ ფონზე ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა რუსეთის უანგარო დახმარების!», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი ზაური.
რუსი მაღალჩინოსნების დელეგაციამ აფხაზეთი უკვე დატოვა, მაგრამ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები. სრულიად შესაძლებელია, რომ პრეზიდენტმა ბჟანიამ და სამთავრობო ჩინოსნების მთელმა ამალამ პრემიერ ანქვაბის თაოსნობით ერთი ხელის მოსმით ჩააბარეს რუსეთს აფხაზური მიწების ნაწილი. თუ ეს ასეა, აფხაზეთში უახლოეს ხანებში შიდა კონფლიქტს უნდა ველოდოთ, მას კი ახალი კოლაფსი მოჰყვება ჩიხში კიდევ უფრო ღრმად შესვლითა და კიდევ უფრო მეტ უიმედობაში ჩაფლობით.
კრისტინა ავიძბა
____________________________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
____________________________________________________________________________________
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება