Accentnews.ge
სოხუმში რუსეთის «საელჩოს» დათხოვნის მოთხოვნა გაისმა

სოხუმში რუსეთის «საელჩოს» დათხოვნის მოთხოვნა გაისმა

16/09/2021 17:53:03 კონფლიქტები

სოხუმის ცენტრში დღეს «აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს» სრული შემადგენლობით დათხოვნის მოთხოვნა გაისმა.

ეს მოთხოვნა «საელჩოს» შენობასთან გამართულ პიკეტზე რუსეთის მოქალაქემ, თადარიგის მაიორმა ვლადიმირ ჩიკინმა დააყენა. შვილმოკლული მამა, რომელსაც აფხაზური სასამართლოების იმედი აღარ აქვს, მისი უფლებების დაცვას ხანგრძლივი დროის განმავლობაში რუსეთის «დიპწარმომადგენლობისგან» ითხოვდა, თუმცა აქაც უშედეგოდ.

როგორც «აქცენტის» ჟურნალისტს ჩიკინმა განუმარტა, იგი «ელჩისა» და «კონსულისგან» დიპლომატიურ დაცვას ითხოვდა, არაერთგზის მიმართა დე ფაქტო გენერალურ პროკურატურასაც, «აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსი თანამემამულეების სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრსაც», თუმცა დახმარებაზე ყველა უარს ეუბნება.

«თუ ელჩი და კონსული მსგავს ქცევასა და რიტორიკას მომავალშიც გააგრძელებენ, საელჩოს მთელი შემადგენლობა უნდა დაიშალოს» - აცხადებს მამაკაცი.

საქმე 2013 წელს აფხაზეთში ვლადიმირ ჩიკინის ქალიშვილის — ეკატერინე კოსოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ეხება, რომელშიც აფხაზეთის სამ «მოქალაქეს» - ხაჯარატ ჯოპუას, ასტამურ ადლეიბასა და თენგიზ ეს-ოღლის ედებოდათ ბრალი.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 28 აპრილს კოსოვას ბინაში მომხდარი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და საბოლოოდ სამმა სტუმარმა ქალს ცივი იარაღით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ეკატერინას ცხედარი ქმარმა იპოვა, რომელიც სასწრაფოდ ჩავიდა აფხაზეთში მას შემდეგ, რაც ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გადიოდა.

2014 წლიდან დაწყებული, მოკლულის მამა აფხაზეთში ცხოვრობს და სასამართლო პროცესებში მონაწილეობს. 2015 წელს აფხაზურმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულებს მოკლულის ოჯახისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 468 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა. ამას ემატებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხარჯის ანაზღაურება 147 ათასი რუბლის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები — 173 ათასი რუბლი. თუმცა ხსენებული თანხები ჩიკინს ამ დრომდე არ მიუღია.

«საელჩოს ათჯერ მაინც მივმართე, თუმცა მიცხადებენ, «იურისტები არ ვართ და ჩარევა არ გვსურსო». არადა, კანონი ავალდებულებთ, რუსეთის მოქალაქეების უფლებები დაიცვან. თუ ჩვენს საელჩოს ვერ ვაიძულე პირდაპირი მოვალეობის შესრულება, აფხაზური სასამართლოსგან ამას როგორ უნდა ველოდო?!» - განაცხადა დღევანდელ აქციაზე მოკლულის მამამ.

მისმა პიკეტმა სამართალდამცველების ყურადღება მიიპყრო. ამასთან, ადგილზე გაჩნდნენ არა მარტო აფხაზი სამართალდამცველები და თავად საელჩოს დაცვა, არამედ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისის წარმომადგენლებიც. პიკეტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მამაკაცი «საელჩოს» ტერიტორიაზე «მიიწვიეს გასაუბრებისთვის». თუმცა გარკვეული დროის შემდეგ იქიდან გამოსულმა ჩიკინმა უამბო ჟურნალისტებს, რომ მის მიმართ შეადგინეს პროტოკოლი «არასანქცირებული აქციის გამართვის» მიზეზით და გარდა ამისა, იგი «აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების პროცესის ჩაშლის მცდელობაშიცაა» ეჭვმიტანილი.

პროტოკოლის შედგენის შემდეგ ჩიკინი გაათავისუფლეს და «აფხაზეთის დატოვება» ურჩიეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S