სომხეთმა აზერბაიჯანს ჰააგაში უჩივლა

17-09-2021 09:53:55 კავკასია

სომხეთმა აზერბაიჯანს რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი და გაერო-ს საერთშორისო სასამართლოში უჩივლა, ბაქო კი საპასუხო სარჩელით იმუქრება.

როგორც სარჩელშია ნათქვამი, „აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში ახდენდა სომხეთის რასობრივ დისკრიმინაციას“, რაც გამოიხატებოდა მასობრივ მკვლელობებში, წამებასა და სხვა დარღვევებში. მათ შორის, დარღვევებს ადგილი ჰქონდა 2020 წლის სამხედრო დაპირისპირების დროსაც.

სომხეთი მოითხოვს, დამნაშავედ იქნას ცნობილი აზერბაიჯანი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში და მიყენებული ზარალის კომპენსირება მოახდინოს.

სარჩელში სომხეთი ასევე ითხოვს სასამართლოსგან აზერბაიჯანის მიმართ დროებითი შემზღუდავი ზომის დაწესებას, რათა სომხეთის უფლებები დაცული იყოს და უთანხმოება არ გაუარესდეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასამართლოში დაიცავენ თავს და უახლოეს ხანში თავადაც მიმართავენ სასამართლოს, სომხეთის წინააღმდე საპასუხო სარჩელით.

ბაქოში ასევე განაცხადეს, რომ სომხეთის დარღვევების შესახებ მტკიცებულებებს აგროვებენ და უახლოეს დღეებში მიმართავენ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები